ელგუჯა ხოკრიშვილი - ბუნდესტაგის მიერ საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად აღიარების მიზანია, მოქალაქეები, რომელთაც თავშესაფარზე უარი მიიღეს, დროულად დაბრუნდნენ სამშობლოში
ელგუჯა ხოკრიშვილი - ბუნდესტაგის მიერ საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად აღიარების მიზანია, მოქალაქეები, რომელთაც თავშესაფარზე უარი მიიღეს, დროულად დაბრუნდნენ სამშობლოში

გერმანიის ბუნდესტაგის მიერ საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად აღიარების მიზანია, დაჩქარდეს თავშესაფრის მოთხოვნის განცხადებების დამუშავება და მოქალაქეები, რომელთაც თავშესაფარზე უარი მიიღეს, დროულად დაბრუნდნენ სამშობლოში, – ამის შესახებ გერმანიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩმა ელგუჯა ხოკრიშვილმა განაცხადა.

ელჩის თქმით, ეს კანონი მხოლოდ იმ ადამიანებს ეხებათ, ვისაც მოქალაქეობის მიღება აქვთ მოთხოვნილი.

„კოალიციური მთავრობის შეთანხმება იყო ასეთი, რომ ის ქვეყნები, რომელთა მოქალაქეებს თავშესაფრის მოთხოვნა დაყენებული აქვთ და დაკმაყოფილების კვოტა არის 5 პროცენტზე ნაკლები, აღიარებული იქნან უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნებად. მიზანი არის თავშესაფრის მოთხოვნის განცხადებების დამუშავება დაჩქარდეს და ის პირები, რომლებმაც უარი მიიღეს თავშესაფარზე, დროულად დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში. კონკრეტული განცხადებები თავშესაფრის მოთხოვნაზე ასეთი ქვეყნების მიმართ ძალიან სწრაფად დამუშავდება და ამ ადამიანებს დააბრუნებენ უკან. კანონპროექტი მხოლოდ იმათ ეხებათ, ვისაც დაყენებული აქვთ თავშესაფრის მოთხოვნა“, – განაცხადა ელგუჯა ხოკრიშვილმა.

გერმანიის ბუნდესტაგმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარა. კანონპროექტს ბუნდესტაგის 509 წევრმა დაუჭირა მხარი.