ელგუჯა ხორკიშვილი - ველოდებით, რომ როდესაც გერმანიის კანცლერი შეხვდება პრემიერს, თავად გააკეთებს პუტინთან შეხვედრის შესახებ განცხადებას
ელგუჯა ხორკიშვილი - ველოდებით, რომ როდესაც გერმანიის კანცლერი შეხვდება პრემიერს, თავად გააკეთებს პუტინთან შეხვედრის შესახებ განცხადებას

საქართველოს გერმანიასთან მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს, გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, –  ამის შესახებ გერმანიაში საქართველოს ელჩმა, ელგუჯა ხორკიშვილმა განაცხადა.

რაც შეეხება ანგელა მერკელისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის შეხვედრას, ელგუჯა ხორკიშვილის განცხადებით, როდესაც გერმანიის კანცლერი შეხვდა პუტინს, იყო შეთანხმება, რომ შეხვედრის დეტალები არ გასაჯაროვდებოდა.

„როდესაც ფედერალური კანცლერი შეხვდა ვლადიმერ პუტინს, თავიდანვე იყო შეთანხმება, რომ შეხვედრის დეტალები არ გასაჯაროვდებოდა. ჩვენ ველოდებით, რომ, როდესაც კანცლერი შეხვდება პრემიერ-მინისტრს, თავად გააკეთებს პუტინთან შეხვედრის შესახებ განცხადებას“, – განაცხადა ელგუჯა ხორკიშვილმა.

ამასთან, მისი თქმით, საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობა გერმანიასთან თვისობრივად ახალ ფორმატში უნდა გადავიდეს.

„გვინდა, გერმანიასთან  ორმხრივი თანამშრომლობა გადავიდეს თვისობრივად ახალ ფორმატში. გერმანია ევროკავშირის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა და მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ამიტომ, გერმანიის როლი ძალიან მნიშვნელოვანია. გერმანია ძალიან მჭიდროდ უჭერს მხარს საქართველოს არაღიარების პოლიტიკას.

იმედი გვაქვს, კანცლერის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გაკეთდება განცხადებები ყველა თემასთან დაკავშირებით“, – განაცხადა გერმანიაში საქართველოს ელჩმა.

ანგელა მერკელი საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით 23 აგვისტოს ეწვევა. პირველ შეხვედრას გერმანიის კანცლერი საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან გამართავს. ასევე, ორდღიანი ვიზიტისას ანგელა მერკელი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდება.

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს გერმანიაში, მეზებერგის სასახლეში 18 აგვისტოს შეხვდა.