ელენე ხოშტარია - მოდელი, რომელიც შეთავაზებულია, არის ზუსტად იდენტური ე.წ. გერმანული მოდელის და არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას
მოდელი, რომელიც შეთავაზებულია, არის ზუსტად იდენტური ე.წ. გერმანული მოდელის და არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა.
როგორც ელენე ხოშტარიამ აღნიშნა, დღეს რასაც არ უნდა ამბობდეს „ქართული ოცნება“, არის ტყუილი.
„სულ 30 ხმა უნდა ახლა „ქართული ოცნებიდან“, რომ ეს ე.წ. გერმანული მოდელი გავიდეს და არსებითად პროპორციული სისტემა მივიღოთ, მაგრამ ძალიან კარგად გამოჩნდა დღეს კომენტარებში, რომ მათ უბრალოდ ამის სურვილი არ აქვთ. ეს იყო ბიძინა ივანიშვილის დაგეგმილი ჩაგდება. თუ გახსოვთ, 20 ივნისს მთელი დღის განმავლობაში ამბობდნენ, კობახიძე არსად არ წავაო და მოუწიათ მეორე დღეს გადაყენება. მთავარი კითხვაა, რას ვაპირებთ ჩვენ, საზოგადოება, რომ დავიცვათ არჩევნები და უფლება, რომ თავისუფლად და სამართლიანად გავაკეთოთ მომავალზე არჩევანი. ამას ემსახურება ეს პროტესტი. ამ პროტესტით და საზოგადოებრივი ზეწოლით აუცილებლად მივაღწევთ ამ მიზანს”,- განაცხადა ხოშტარიამ.
ოპოზიციის წარმომადგენლები არჩევნების ე.წ. გერმანული მოდელით ჩატარებას ითხოვენ. რაც შეხება ე.წ. გერმანულ მოდელს, ამ მოდელის მიხედვით, შენარჩუნებულია მაჟორიტარული არჩევნები, თუმცა სადეპუტატო მანდატების საბოლოო განაწილება მიბმულია პროპორციულ არჩევნების შედეგებზე. მაგალითად, თუ პარტია პროპორციულ არჩევნებში აიღებს მოსახლეობის ხმების 50%-ს, რაც 150-წევრიან პარლამენტში 75 სადეპუტატო ადგილს ნიშნავს და პარალელურად, მოიგებს მაჟორიტარულ არჩევნებს 60 ოლქში, მაშინ ის 60 ადგილს შეავსებს მაჟორიტარების ხარჯზე, საარჩევნო პროპორციული სიიდან კი, მხოლოდ პირველ 15 ადამიანს გაიყვანს.
ამასთან, დღეს „ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა. სხდომის დასრულების შემდეგ უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ აღნიშნა, რომ ე.წ. გერმანული მოდელი კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.