გია ვოლსკი - ე.წ. გერმანული მოდელი იმ კონსტიტუციას არ შეესაბამება, რომელიც დღეს გვაქვს
გია ვოლსკი - ე.წ. გერმანული მოდელი იმ კონსტიტუციას არ შეესაბამება, რომელიც დღეს გვაქვს

ე.წ. გერმანულ მოდელი იმ კონსტიტუციას არ შეესაბამება, რომელიც დღეს გვაქვს და განხილვა ვერ ჩაჯდება იმ გრაფიკში, რომელსაც საკონსტიტუციო ცვლილებები სჭირდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

როგორც გია ვოლსკიმ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, შეხვედრაზე საუბარი იყო სახელმწიფო ბიუჯეტზე.

ვოლსკის თქმით, სხდომაზე წუხილი გამოითქვა, რომ უმრავლესობა 12-მა წევრმა დატოვა. ამასთან, მისი ცნობით, შეხვედრაზე ისაუბრეს ე.წ. გერმანულ მოდელზეც.

„ეს მოდელი იმ კონსტიტუციას არ შეესაბამება, რომელიც დღეს გვაქვს და განხილვა ვერ ჩაჯდება იმ გრაფიკში, რომელსაც საკონსტიტუციო ცვლილებები სჭირდება. ამას ჩვენი კონსტიტუციონალისტები უფრო დეტალურად აგიხსნიან“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

მისი თქმით, უმრავლესობა სჭირდება არა მხოლოდ „ქართულ ოცნებას“, როგორც პარტიას, არამედ სახელმწიფოს სტაბილურობისა და განვითარებისთვის.

„საუბარი სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზეც, რაზედაც გუშინ პრემიერ-მინისტრსა და ბიუროს შორის შეხვედრა გვქონდა, დეტალები გავარჩიეთ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სოციალური პროგრამები და ამასთან დაკავშირებით იქნება კიდევ დამატებითი საუბარი. უმრავლესობის რიგებში მყოფმა ექიმებმა ინიციატივა გამოიჩინეს და ასევე საუბარი იყო, ცხინვალში უკანონოდ დაპატიმრებულ ექიმზეც. ამ საკითხზე განცხადება იქნება და ამასთან დაკავშირებით მოკლე მიმოხილვა იყო, თუ რა მუშაობა მიმდინარეობს, რომ ეს ადამიანი ოკუპანტების ხელიდან დავიხსნათ“,- განაცხადა ვოლსკიმ.