„ლეიბორისტულ პარტიაში“ შეკრებილი ოპოზიციის წარმომადგენლები არჩევნების ე.წ. გერმანული მოდელით ჩატარებას ითხოვენ
„ლეიბორისტულ პარტიაში“ შეკრებილი ოპოზიციის წარმომადგენლები არჩევნების ე.წ. გერმანული მოდელით ჩატარებას ითხოვენ

„ლეიბორისტულ პარტიაში“ შეკრებილი ოპოზიციის წარმომადგენლები არჩევნების ე.წ. გერმანული მოდელით ჩატარებას ითხოვენ.

როგორც „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა, კახა კუკავამ განაცხადა, კრიზისიდან გამოსაყვანად ოპოზიცია კიდევ ერთ შანსს აძლევს ხელისუფლებას და სთავაზობს გერმანულ მოდელს.

„ჩვენ გვინდა, კიდევ ერთი შანსი მივცეთ ამ ხელისუფლებას, რომ გამოვიდეს კრიზისიდან. ამ გამოსავლის სახით ვთავაზობთ პროპორციული არჩევნების ჩატარებას ე.წ. გერმანული სისტემით, რომელიც არ მოითხოვს კონსტიტუციურ შესწორებას. იმისთვის, რომ დამტკიცდეს ეს შესწორება საარჩევნო კოდექსში, „ქართულ ოცნებას“ სჭირდება უკვე არა 117, არამედ 30 დეპუტატი. თუ პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ არანაირ ე.წ.გერმანულ მოდელზე არ იქნება მსჯელობა, ეს უკვე არის ლუსტრირება. ც ყველამ ვიცით, რომ ხუნდაძემ, შიოლაშვილმა და ბერაიამ კი არ აჭრეს ვითარება, არამედ ეს არის ბიძინა ივანიშვილის მიერ დაგეგმილი სპექტაკლი. პარლამენტის თავმჯდომარის დღევანდელი განცხადება ადასტურებს ამას. თუ ამბობდნენ, რომ ხმები არ ყოფნით, ამ ბატონო, გერმანული მოდელი,  ამას სჭირდება 76 ხმა, საიდანაც ნახევარს იძლევა ოპოზიცია, მეორე ნახევარი, ანუ 30-35 ხმა უნდა მოაგროვოს „ქართულმა ოცნებამ“, – განაცხადა კახა კუკავამ.

მისივე თქმით, რევოლუციური სცენარი არ განიხილება.

„ერთადერთი, ვინც დღეს საქართველოს უბიძგებს რევოლუციისთვის, ეს არის ბიძინა ივანიშვილი. ის აკეთებს ყველაფერს, რათა დაარღვიოს დაპირება, რომელზეც დედა დაიფიცა, მამა დაიფიცა, მოატყუა საერთაშორისო საზოგადოება. ყველაფრისგან აკეთებს გადახვევას და ეს არის ის მთავარი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს პროცესების განვითარება ქაოტური გზით“, – განაცხადა კახა კუკავამ.

ე.წ. გერმანულ მოდელში შენარჩუნებულია მაჟორიტარული არჩევნები, თუმცა სადეპუტატო მანდატების საბოლოო განაწილება მიბმულია პროპორციულ არჩევნების შედეგებზე. მაგალითად, თუ პარტია პროპორციულ არჩევნებში აიღებს მოსახლეობის ხმების 50%-ს, რაც 150-წევრიან პარლამენტში 75 სადეპუტატო ადგილის მოპოვებას ნიშნავს და პარალელურად, მოიგებს მაჟორიტარულ არჩევნებს 60 ოლქში, მაშინ ის 60 ადგილს შეავსებს მაჟორიტარების ხარჯზე, საარჩევნო პროპორციული სიიდან კი მხოლოდ პირველ 15 ადამიანს გაიყვანს.

ამასთან, ე.წ. გერმანულ მოდელთან დაკავშირებით დღეს განმარტება გააკეთა „შენების მოძრაობის“ ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა.