ელენე ჯაფარიძე - მოზარდებს უნდა ვუთხრათ, თუ მაგალითად, ოჯახში გიჭირს, არსებობენ სხვა ადამიანები და შენ მარტო არ ხარ
ელენე ჯაფარიძე - მოზარდებს უნდა ვუთხრათ, თუ მაგალითად, ოჯახში გიჭირს, არსებობენ სხვა ადამიანები და შენ მარტო არ ხარ

თუ მე, როგორც უფროსს მაქვს უიმედობა, ძალიან იშვიათია, ჩემ გვერდით არასრულწლოვანი იმედით იყოს აღსავსე, – ამის შესახებ ფსიქოლოგმა, ელენე ჯაფარიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ჩვენ, უფროსები უიმედობაში ვართ და სად ვდგავართ? – არსად. თუ მე, როგორც უფროსი ვერ ვაცნობიერებ ჩემი სიტყვის ფასს და ჩემი სიტყვის გავლენას არასრულწლოვანზე, როგორ ვითხოვ დამნაშავის ძიებას და მის დასჯას? მთელი ამბავი იმაზე იყო ატეხილი, რა მოხდა და ვინ იყო დამნაშავე. „რა მოხდადან“ ფოკუსი გადავიდა „ვინ არის დამანაშავეზე“. რა თქმა უნდა, ესეც მნიშვნელოვანია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ნიუანსი დაგვავიწყდა. თუნდაც, სკოლის შემთხვევაში, როდესაც სკოლაზე საუბარი მიდიოდა, იყო ძალიან დიდი აგრესია სკოლაზე, რომელიც არ არის შენობა. სკოლა არის ბავშვებით სავსე სივრცე და ეს ბავშვები ამ დარტყმას, გინდა არ გინდა, პირდაპირ თუ ირიბად, იღებდნენ“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

მისი თქმით, როდესაც პროფესიონალებმა „ვერთერის ეფექტზე“ დაიწყეს საუბარი, წამოვიდა მეორე პოლარობა – ცხოვრება მშვენიერია, რომელიც არაადეკვატური პოლარობა იყო.

„ანუ, ერთი დღე მე ვლაპარაკობ იმაზე, რომ ცხოვრება არ არის მშვენიერი და უიმედოა, მეორე დღეს კი ვიძახი – ცხოვრება მშვენიერია. მოზარდები ძალიან მგრძნობიარენი არიან. მით უმეტეს – ყოველივე არაავთენტურის, ყალბის მიმართ და ეს მეორე სიყალბე, რომელიც თითქოს, დაუპირისპირდა ტირაჟირების ამ პირველ, ძლიერ ტალღას, კიდევ უარესი იყო, ვიდრე უბრალოდ, გაჩუმება“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა იქნებოდა ამ შემთხვევაში სწორი გზავნილი საზოგადოების მხრიდან, ელენე ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ სწორი გზავნილი პირველ რიგში, მოზარდის მშობლებისთვის და ნებისმიერი მშობლისთვის იქნებოდა საკუთარ შვილზე იმის თქმა, რომ ცხოვრებაში შეცდომებს ყველა ვუშვებთ, ბავშვი შეცდომის, პრობლემების გარეშე არ იზრდება და რაც არ უნდა იყოს, ის მის გვერდით არის.

„ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე შენ გაგამართლებ და შენს არასწორ საქციელს მოვიწონებ, მაგრამ მე შენ არ მიგატოვებ და ამ სამყაროს წინაშე მარტოს არ დაგტოვებ. ეს მნიშვნელოვანია, რადგან გამკლავების ის მექანიზმები, რაც ჩვენ გვაქვს, ჩვენს შვილებს, მათ მეგობრებს, მოზარდებს არ აქვთ. ხშირად, არც ჩვენ გვაქვს და მოზარდებს რატომ ვთხოვთ გამკლავების მექანიზმებს“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

როგორც ფსიქოლოგმა აღნიშნა, უფროსები ველოდებით, რომ მოზარდი მოვა და ძალიან დალაგებული ვერბალური ტექსტით გვეტყვის, ცუდად ვარო, ხოლო თუ ამას არ აკეთებს, სხვა ინფორმაციას ხშირად, უგულებელვყოფთ.

„ანუ, რადგანაც ის არ ამბობს, ესე იგი, არაფერი არ არის. ამ დროს, მასში რა ხდება, ეს არის მთელი აფეთქებები და უმძიმესი პროცესი, რომელიც მან უნდა გაიაროს. მით უმეტეს, მოზარდებს უნდა ვუთხრათ – თუ შენ მაგალითად, ოჯახში გიჭირს, არსებობენ სხვა ადამიანები და შენ მარტო არ ხარ. ამისთვის უბრალოდ, საჭიროა, დახმარება ითხოვო და თუ შენ დახმარებას ითხოვ, გამოუვალი სიტუაცია არ არსებობს“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

ფსიქოლოგმა ასევე განაცხადა, რომ იმისთვის, რათა ამ პრობლემას რეალურად მოვერიოთ, საჭიროა სკოლას, საზოგადოებასა და ოჯახს შორის თანამშრომლობა და ურთიერთკომუნიკაცია.

„და რაც მთავარია, სახელმწიფომ, მთელმა იმ ინსტიტუციებმა, რომლებიც ბავშვთა უფლებებზე, კეთილდღეობაზე, ჯანმრთელობაზე არიან პასუხისმგებელი, ამ მიმართულებით კოორდინირებულად უნდა იმუშაონ. სხვანაირად, ეს არ გამოვა“, – განაცხადა ელენე ჯაფარიძემ.