დათო ზურაბაშვილი - მარტოობა აძლევს საშუალებას ბავშვს, არასწორი ნაბიჯი გადადგას
დათო ზურაბაშვილი - მარტოობა აძლევს საშუალებას ბავშვს, არასწორი ნაბიჯი გადადგას

დავინახე სიტუაციის გარჩევა, გადაბრალება, დამნაშავის ძებნა და არა პრობლემის გადატანა იმ მიმართულებით, რომელიც საჭიროა, – ამის შესახებ ფსიქიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა, დათო ზურაბაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში, „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ მოზარდის გარდაცვალების შესახებ საუბრისას განაცხადა.

„ის, რაც ამ ბავშვმა გვასწავლა, იმდენად უნდა გავაცნობიეროთ, რომ სხვა ბავშვი არ მოჰყვეს. ამაში ჩემი ტვირთია, თქვენი ტვირთია, როგორც მეზობლის, მოქალაქის, კლასელის და ჩვენ ამის გაკეთებას მხოლოდ მაშინ შევძლებთ, როცა არც ერთი ბავშვი არასდროს იქნება მარტო არც სკოლაში, არც სახლში, არც საზოგადოებაში. ეს არის მთავარი პრინციპი, რადგან მარტოობა აძლევს საშუალებას, არასწორი ნაბიჯი გადადგას“, – განაცხადა ზურაბაშვილმა.

როგორც ფსიქიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა აღნიშნა, საზოგადოებამ სწორი მესიჯი არ მისცა და მოხდა პრობლემის სხვა მიმართულებით გადატანა.

„საზოგადოებამ არ მისცა მესიჯი – შენ იყავი ბოლო. საზოგადოებამ უნდა მისცეს მესიჯი – შენ იყავი ბოლო, გმადლობთ, რომ გვასწავლე და ეს სხვას აღარ დაემართება. ანუ, სხვა შენს მაგალითზე აღარ იქნება მარტო. მე ეს მესიჯი ვერ დავინახე. დავინახე სიტუაციის გარჩევა, გადაბრალება, დამნაშავის ძებნა და არა პრობლემის გადატანა იმ მიმართულებით, რომელიც საჭიროა“, – განაცხადა ზურაბაშვილმა.

მისი თქმით, როდესაც ემოციის გამოხატვაზე ვსაუბრობთ, გვჭირდება, გვყავდეს მიმღები, ვინც ამ გამოხატულ ემოციას ისე გაიგებს, როგორც ჩვენ გამოვხატავთ.

„ეს არ არის მარტო ერთი ობიექტის საკითხი. აუცილებლად უნდა არსებობდეს მეორე, ვის მიმართაც ამ ემოციის გამოხატვა მჭირდება. ემოციის გამოხატვა ყველაზე ძნელი არის სარკის წინ. ეს შეიძლება, არის უმაღლესი პილოტაჟი, რომელსაც ვასწავლით და ჩვენ თვითონაც მუდმივად ვსწავლობთ, როგორ უნდა იმუშაო სარკის წინ, მაგრამ როცა ბავშვია, მას სწორი მიმღები სჭირდება. სწორი მიმღები არის არა სხეული, არამედ თვალი და მზერითი კონტაქტი, როდესაც ადამიანი გიყურებს და თავის ვერბალურ, სიტყვიერ, მოტორულ თუ სხვადასხვანაირ ემოციას გამოხატავს. შეიძლება, გატყუებს, მაგრამ კი არ გატყუებს, არ გეუბნება, რადგან ერიდება ან არ იცის, უნდა გითხრას თუ არა.

შემდეგი მთავარი მომენტია, როდესაც მოგიყვება, უკან უნდა მოუყვე და უთხრა – სწორად გავიგე?! იმიტომ, რომ ჩვენი კლასიკური პასუხი ასეთია – არა უშავს, გაგივლის. მტკივა, მეწყინა, თუ ცუდ ხასიათზე ვარ, პასუხია – არა უშავს, ალბათ, გშია, შეჭამე და გაგივლის. ყველაზე მთავარი არის მომენტი, როდესაც ბავშვს მის სიტყვებს გავუმეორებთ და ვკითხავთ – სწორად მივხვდი? რამე ხომ არ დაგრჩა და რამეს ხომ არ დაამატებ? მხოლოდ მაშინ იხსნება ბავშვი და დიდიც. მას უჩნდება სურვილი, ბურთი, რომელიც ყელში აქვს გაჭედილი, გახსნას, მოყვეს, მოყვეს და დაიცალოს. მერე, ამის შემდეგ აღარ ჩნდება მარტოობის სურვილი და შეგრძნება. ასე შეიძლება, ვმართოთ ემოცია და ასე შეიძლება, ვისწავლოთ ემოციის მართვა“, – განაცხადა დათო ზურაბაშვილმა.