თეო ჩიტიაშვილი - ხშირად, მოზარდებს თუ ზრდასრულებს არ ჰყავთ ადამიანი, ვინც მოუსმენს
თეო ჩიტიაშვილი - ხშირად, მოზარდებს თუ ზრდასრულებს არ ჰყავთ ადამიანი, ვინც მოუსმენს

სამწუხაროდ, ხშირად, როგორც მოზარდებს, ისე ზრდასრულებს არ ჰყავთ ადამიანი, ვინც მოუსმენს, – ამის შესახებ მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის უფროსმა, თეო ჩიტიაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„პირველ რიგში, მათ უნდა მოვუსმინოთ, მაგრამ მოსმენა არ ნიშნავს მხოლოდ სიტყვების მოსმენას და იმის მოსმენას, რასაც გვეუბნებიან. თუმცა, სამწუხაროდ, ხშირად, ესეც ჭირს ხოლმე და როგორც მოზარდებს, ისე ზრდასრულებს არ ჰყავთ ადამიანი, ვინც მოუსმენს. ჩვენ უნდა მოვუსმინოთ მათ ქცევას, გადატანითი მნიშვნელობით, მათ სხეულის ენას და ყველაფერს, რომ მივხვდეთ და ვიგრძნოთ, როდის უჭირთ. თავისთავად ცხადია, ვერ ვიტყვით ერთ ან ორ კონკრეტულ ნიშანს, რომელიც სუიციდის რისკზე მიუთითებს, მაგრამ არსებობს გარკვეულ ნიშანთა ერთობლიობა, სადაც უკვე განგაშის ზარები უნდა ჩავრთოთ და განსაკუთრებით ყურადღებით ვიყოთ. მაგალითად, როცა ბავშვის ან მოზარდის ხასიათი რადიკალურად შეიცვალა და არაფრით ჰგავს იმას, ვისაც მშობელი იცნობს. იმისთვის, რომ ბავშვს თუნდაც ხასიათის ცვლილება შევამჩნიოთ, მას უნდა იცნობდეს მშობელი, პედაგოგი და მისი მეგობარი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ჩიტიაშვილმა.

ამ განცხადებით თეო ჩიტიაშვილმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, როგორ უნდა დაიცვას ბავშვი სკოლამ და მშობელმა ერთად და რა ტიპის პრევენციული მექანიზმები არსებობს ამისთვის.

მისი თქმით, თუ მშობელი ამჩნევს, რომ შესაძლოა, ბავშვს რაღაც უჭირდეს და ამისთვის მშობლის რესურსი საკმარისი არ არის, აუცილებელია, შესაბამის სპეციალისტს მიმართოს.

„სამწუხაროდ, ჩვენ საზოგადოებაში სტიგმასაც ხშირად ვხვდებით, რომ სპეციალისტისთვის მიმართვა, იქნება ეს ფსიქიატრი, ფსიქოლოგი თუ სოციალური მუშაკი, გარკვეულ პრობლემებთან ასოცირდება – რას იტყვის საზოგადოება, ჩემი მეზობელი, ჩემი ნათესავი და ა.შ. მართალია, ამასთან დაკავშირებით პროგრესი მიდის და აღარ არის ისეთი ჩაკეტილი სივრცე, მაგრამ გარკვეულ პრობლემებს მაინც ვაწყდებით. ამიტომ, მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ სპეციალისტისთვის დროული მიმართვა გადამწყვეტია და მეათეხარისხოვანია, ამის შესახებ ვინმე რას იტყვის“, – განაცხადა ჩიტიაშვილმა.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, დაინახა თუ არა მიმბაძველობის საფრთხე ბოლო დღეებში, თეო ჩიტიაშვილმა განაცხადა, რომ ეს საფრთხე არის და ამას ვერ გავექცევით.

„იმიტომ, რომ მოზარდებს რა სივრცეშიც უწევთ ყოფნა, ეს არის ოჯახი და ოჯახში ამაზე საუბრობენ; ეს არის სკოლა, სადაც ამაზე საუბრობენ, რადგან იქ ბავშვები არიან და ა.შ; მედია, სადაც მოგეხსენებათ, ბოლო დღეებია, ამის იქით ძალიან ცოტა რამ თუ გაშუქდა და სოციალური მედია, სადაც ყველა ადამიანს ეს სლოგანები, პესიმისტური განწყობა და უიმედობის განცდა აქვს. თავისთავად ცხადია, ეს ყველაფერი რისკების უმაღლეს მაჩვენებელზე ადის. მიმბაძველობაზე არ ვისაუბრებ, მაგრამ იმ ისედაც მოწყვლადი ჯგუფისთვის, როგორიც მოზარდები არიან, რისკებს საკმაოდ ზრდის. აბსოლუტურად მესმის, რომ ადამიანებს გვჭირდება ჩვენი ბრაზის გამოხატვა და გვინდა, „ფეისბუქში“, რომელიც ჩვენი პირადი სივრცეა, ჩვენი პროტესტი დავაფიქსიროთ, რათა საზოგადოებას ვაჩვენოთ, როგორი გაბრაზებული ვართ, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ამას ისევ და ისევ ის მოწყვლადი ჯგუფი ნახულობს, რომელზეც შეიძლება, ამ ყველაფერმა ძალიან ნეგატიურად იმოქმედოს“, – განაცხადა თეო ჩიტიაშვილმა.