თინათინ ბერძენიშვილი - საზოგადოებრივი მაუწყებელი ზუსტად იცავს სტანდარტებს, რომელიც სუიციდის გაშუქებისას უნდა დაიცვა
თინათინ ბერძენიშვილი - საზოგადოებრივი მაუწყებელი ზუსტად იცავს სტანდარტებს, რომელიც სუიციდის გაშუქებისას უნდა დაიცვა

ჩვენ, საზოგადოებრივი მაუწყებელი ზუსტად ვიცავთ სტანდარტებს, რომელიც სუიციდის გაშუქებისას უნდა დაიცვა, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, თინათინ ბერძენიშვილმა გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

„ჩნდება სტერეოტიპი, რომ სუიციდზე არ უნდა ვილაპარაკოთ. არადა, სინამდვილეში, ყველაზე კარგი პრევენცია არის, სუიციდზე ილაპარაკო სწორ ფორმატში, სწორ ადამიანებთან. მედიის პრობლემა ის არის, რომ დაგვიანებული საუბრები გვაქვს. მერე ჩნდება სტერეოტიპი, რომ სუიციდზე არ უნდა ვილაპარაკოთ. ჩვენ, საზოგადოებრივი მაუწყებელი ზუსტად ვიცავთ იმ სტანდარტებს, რაც უნდა დავიცვათ“, – განაცხადა ბერძენიშვილმა.

ამ განცხადებით თინათინ ბერძენიშვილმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, როგორ უნდა გაიაროს მედიამ ბეწვის ხიდზე, რომ ერთი მხრივ, გაშუქდეს სუიციდთან დაკავშირებული თემები და მეორე მხრივ, ამას პროპაგანდა არ დაერქვას.

როგორც თინათინ ბერძენიშვილმა აღნიშნა, საზოგადოებრივი მაუწყებელი ძალიან ბევრს ისაუბრებს ამ თემებზე და საკუთარ ეთერს ცნობიერების ამაღლებას დაუთმობს.

„მე ევროპულ მოდელზე მაქვს სწორება, რადგან სახელმწიფოს ეს კურსი აქვს და პირადად ჩემთვის, ეს ყველაზე მისაღებია. ამ დარგში მაქვს გამოცდილება. ესეც გადამდები იქნება სხვა მედიისთვის, რადგან ხშირად, ამ შემთხვევაში სხვა მედიასაშუალებებს დოპინგზე ჰყავს შესმული მაყურებელი, რომელსაც უფრო მეტი „ექშენი“ სჭირდება, ახალი ამბების გაშუქება ასე განიხილება. თუმცა, მჯერა, რომ ნელ-ნელა, ამას მივხვდებით. ეს ვინმეს მოსწონს თუ არ მოსწონს, ჩვენი არხისადმი დამოკიდებულება ამას ცხადყოფს“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.

მისი თქმით, თანდათან მეტი ადამიანი ხვდება, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არის უსაფრთხო მედია, რომელიც არ არის გაჯერებული ისეთი ფილმებით და სერიალებით, სადაც მოზარდი მისთვის საზიანო პროდუქციას ნახავს.

„დიახ, ეს არის მედიასტანდარტი, რომელსაც ჩვენ ვიცავთ. მჯერა, რომ ადრე თუ გვიან, ამას ყველა წამოჰყვება და უფრო და უფრო გადამდები გახდება, რომ რეალურად გადმოვრთოთ და ვნახოთ, რა არის სწორი. იდეალიზებას არ ვახდენ. ჩვენც ვიზრდებით, ვსწავლობთ და ყოველდღიურად ამას ერთად ვაკეთებთ“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.