ელდარ შენგელაია ახალ ფილმს გიორგი შენგელაიას ხსოვნას მიუძღვნის, ფილმის პრემიერა საქართველოს პირველი არხის ეთერში შედგება
რეჟისორი ელდარ შენგელაია ახალი ფილმის გადაღებებს იწყებს, რომელიც მისი ძმის, გიორგი შენგელაიას ხსოვნას ეძღვნება. ფილმის ძირითადი გადაღებები კახეთშია დაგეგმილი.
მოკლემეტრაჟიანი ფილმი, სახელწოდებით – „ივანე, ვირი კოხტა, ჩიტები და მიხეილი“ გაგრძელებაა რეჟისორის ახალი ფილმისა „ჭა“, რომელიც 2020 წელს გამოვიდა.
სცენარი რეჟისორმა ამირან დოლიძესთან ერთად, ჯუზეპე პირანდელოს მოთხრობის მიხედვით დაწერა. ფილმში მთავარ როლებს პაატა მოისწაფიშვილი და ტრისტან სარალიძე შეასრულებენ.
ფილმის გადაღებები, სავარაუდოდ, ნოემბერში დასრულდება და მისი სატელევიზიო პრემიერა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში შედგება.
„მომავალი ფილმი შედგება სამი ნოველისგან. „ჭა“ გადავიღეთ და მას კარგი გამოხმაურება ჰქონდა. ახლა ვიწყებთ „ივანე, ვირი კოხტა, ჩიტები და მიხეილის“ გადაღებას, ასე ჰქვია. ფილმის გადაღებები მოხდება კახეთში. ახლა მოსამზადებელი პერიოდია. ჩვენი ჯგუფი წავა ახლა კახეთში, აირჩევს ლოკაციებს, მერე მე გავყვები, იქ ორი მსახიობია, მათი ჩაცმა იქნება საჭირო და მერე დავიწყებთ გადაღებას. კახეთში რომ მოვრჩებით გადაღებებს, მერე დიღომში გვაქვს ასეთი ლოკაცია – ხიდი, ამას გადავიღებთ და მერე არის ძალიან რთული გადასაღები ჩიტების სადგომი, რომელსაც ალბათ, კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ გადავიღებთ. ეს არის თან სევდიანი, თან სასიხარულო ნოველა. სცენარი დავწერეთ მე და ამირან დოლიძემ, პირანდელოს მოთხრობის მიხედვით. ოღონდ გაქართულებულია და ამ ნოველის საფუძველზე უნდა შევქმნათ ეს ფილმი“, – განაცხადა ელდარ შენგელაიამ.