„ელ პაისი“ - საქართველო ურუგვაის საკუთარ თავს სთავაზობს, როგორც კარიბჭეს ცენტრალური აზიისკენ
„ელ პაისი“ - საქართველო ურუგვაის საკუთარ თავს სთავაზობს, როგორც კარიბჭეს ცენტრალური აზიისკენ

ურუგვაის ყველაზე გავლენიანი გამოცემა „ელ პაისი“ (El Pais) საქართველოს შესახებ სტატიას პირველად აქვეყნებს, სათაურით „საქართველო ურუგვაის საკუთარ თავს სთავაზობს, როგორც კარიბჭეს ცენტრალური აზიისკენ“.

სტატიაში საქართველოს ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ მისწრაფება და ლათინურ ამერიკასთან საქართველოს ურთიერთობებია განხილული.

ავტორი წერს, რომ საქართველოს, როგორც კავკასიის რეგიონის ყველაზე წარმატებულ ქვეყანას, უვიზო მიმოსვლის რეჟიმი აქვს ევროკავშირთან. გამოცემაში ასევე წერია, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა, რომელიც მალე ქართულ ღვინოს ურუგვაის ბაზარზე შეიტანს.

„11 მაისს საქართველოსა და ურუგვაის შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 25 წელი შესრულდა. ეს თარიღი ორივე ქვეყანამ აღნიშნა „ტვიტერზე“ გულთბილი მილოცვების გაცვლით, სადაც გამოხატეს პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების გაღრმავების სურვილი. ამავე თარიღთან დაკავშირებით, 19 მარტს მონტევიდეოს სტუმრობდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ხოლო ივნისის პირველ ნახევარში დაგეგმილია საქართველოსადმი მიძღვნილი გამოფენის მოწყობა სანტოსის სასახლეში – ურუგვაის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობაში.“ – წერია სტატიაში.

„ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ურთიერთნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობები. ჩვენ მადლობას ვუხდით ურუგვაის, რადგან ეს ქვეყანა პატივს სცემს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. საქართველო ურუგვაის მთელ ლათინურ ამერიკასთან ურთიერთობებში ძალიან მნიშვნელოვან კომპონენტად განიხილავს“, – განუცხადა El País-ს საქართველოს ელჩმა ირაკლი ყურაშვილმა, რომელიც ბუენოს აირესიდან ფარავს არგენტინას, პარაგვაის, ჩილესა და ურუგვაის.

საქართველო განსაკუთრებულ ინტერესს ავლენს ურუგვაისთან სოფლის მეურნეობის პროდუქტებით ვაჭრობის განვითარების მიმართ და, ამის გარდა, საკუთარ თავს სთავაზობს, როგორც კარიბჭეს ცენტრალურ აზიაში ურუგვაის ნაწარმის ექსპორტისათვის.

„ამ მიმართულებით დიდ მომავალს ვხედავთ. საქართველო რეგიონული ცენტრია – ჰაბი, აქვს ძალიან გახსნილი კანონმდებლობა, რომელიც საკმაოდ ლიბერალურია ნებისმიერი სამეწარმეო საქმიანობისათვის, ვმოქმედებთ ერთი ფანჯრის პრინციპით, რითაც შესაძლებელია საწარმოს დარეგისტრირება 24 საათში. ჩვენ შეგვიძლია, ურუგვაიში წარმოებული ხორცისთვის მნიშვნელოვანი ცენტრი გავხდეთ და ვიყოთ კარიბჭე ცენტრალური აზიის მიმართულებით“, – განმარტა ირაკლი ყურაშვილმა.

გამოცემა წერს, რომ ღვინო კიდევ ერთი პროდუქტია, რომლის პოპულარიზაციასაც საქართველო ურუგვაიში ცდილობს. სანტოსის სასახლეში დაგეგმილ გამოფენაზე გაიმართება ამ ქვეყნის ალკოჰოლური სასმელების დეგუსტაცია.

სტატიის ავტორის თქმით, ელჩი სიამაყით უსვამს ხაზს, რომ მისი ქვეყანა „ღვინის აკვანია“. გამოცემაში ხაზგასმულია, რომ დღესდღეობით საქართველო ევროკავშირსა და ნატო-სთან ინტეგრაციის პროცესშია და მკაფიო პოზიცია აქვს ვენესუელაში ნიკოლას მადუროს რეჟიმთან მიმართებით. საქართველო ფაქტობრივად ევროპის პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც ხუან გუაიდო ვენესუელის დროებით პრეზიდენტად აღიარა.

„საქართველო ევროკავშირში ინტეგრაციის მტკიცე გზას ადგას. ესაა ქვეყანა, რომელმაც საუკეთესოდ გაართვა თავი საშინაო დავალებას. საქართველომ ევროკავშირთან ურთიერთობები დაიწყო 1991 წლის შემდეგ, როდესაც ყოფილი საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა; თანამშრომლობის პირველი შეთანხმება ჩნდება 1996 წელს, ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება – 2014 წლიდან, ხოლო შეთანხმება, რომლის ძალითაც საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ 180 დღე უვიზოდ დაყონ ევროკავშირში, 2017 წლიდანაა ძალაში“ – ამბობს ირაკლი ყურაშვილი El Pais-თან ინტერვიუში.

„ეს წინგადადგმული ნაბიჯია, უპირველეს ყოვლისა, ახალი თაობებისათვის და მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი ჰიბრიდულ ომთან გასამკლავებლად, რომელიც რუსეთმა მთელ მსოფლიოს და განსაკუთრებით საქართველოს გამოუცხადა. მნიშვნელოვანია ქართველმა ახალგაზრდებმა ევროპაში იმოგზაურონ, ნახონ, თუ რისკენ მივისწრაფვით. რუსული იდეოლოგია ძალიან სუსტია საქართველოში, ამიტომ პრორუსული პარტიები არჩევნებში ხმების ძალიან დაბალ პროცენტს იღებენ. გამოკითხვების თანახმად, საქართველოს მოქალაქეების თითქმის 80% მხარს უჭერს ევროკავშირში, მცირედ ნაკლები რაოდენობა კი საქართველოს ნატოში გაწევრიანებას“, – განაცხადა ირაკლი ყურაშვილმა.

სტატიაში წერია, რომ ქართველების მეხსიერებაში 2008 წლის ომი რუსეთთან წარუშლელია, რის შემდეგაც საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა. რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20%. დღეისთვის ორი რეგიონის – ოკუპირებული ცხინვალისა და ოკუპირებული აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმების ე.წ. დამოუკიდებლობას, რუსეთის გარდა, ოთხი ქვეყანა: ვენესუელა, ნიკარაგუა, სირია და წყნარი ოკეანის პატარა კუნძული ნაურუ აღიარებს.