ეკვადორი მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე ითამაშებს - ფიფა-მ ჩილეს მოთხოვნა უარყო #1TVSPORT
ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (ფიფა) უარყო ჩილეს ფეხბურთის ფედერაციის სარჩელი, რომელშიც ითხოვდნენ ეკვადორის ნაკრების გარიცხვას მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის მონაწილეთა სიიდან.
სკანდალი მას შემდეგ აგორდა, რაც პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, თითქოს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევში ეკვადორის ნაკრების მოთამაშე ბაირონ კასტილიო კოლუმბიის მოქალაქეა და ყალბ დაბადების მოწმობას იყენებდა.
ჩილეს ფეხბურთის ფედერაციამ მოითხოვა ეკვადორისთვის წაგება ჩაეთვალათ იმ რვა შეხვედრაში, რომლებშიც კასტილიომ ითამაშა. ასეთ შემთხვევაში ჩილე მეოთხე ადგილზე გავიდოდა და მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვდებოდა.
თუმცა ფიფა-მ არ დააკმაყოფილა ჩილეს მოთხოვნა, ამიტომაც ეკვადორი გაემგზავრება ყატარში მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც A ჯგუფში ითამაშებს ყატართან, ნიდერლანდებთან და სენეგალთან ერთად.