ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში ქიმიური წარმოების ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო კომპანია Indorama Corporation-ი შემოვიდა
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში ქიმიური წარმოების ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო კომპანია – Indorama Corporation-ი შემოვიდა.
როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სინგაპურული კომპანია წლების განმავლობაში სწავლობდა საქართველოს საინვესტიციო კლიმატსა და შესაძლებლობებს, რაშიც სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინვესტიციების გუნდი აქტიურად იყო ჩართული.
„ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ აქტიური ჩართულობით, საქართველოში ქიმიური წარმოების ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო კომპანია Indorama Corporation-ი შემოვიდა.
სინგაპურულმა კომპანიამ, რომელსაც მსოფლიოს 38 ქვეყანაში 160-ზე მეტი საწარმო აქვს და 45 000 ათასზე მეტ ადამიანს ასაქმებს, რუსთავის აზოტოვანი სასუქების საწარმო შეიძინა.
სინგაპურული კომპანია წლების განმავლობაში სწავლობდა საქართველოს საინვესტიციო კლიმატსა და შესაძლებლობებს, რაშიც სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინვესტიციების გუნდი აქტიურად იყო ჩართული“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორ მიხეილ ხიდურელის განცხადებით, უმსხვილესი სინგაპურული კორპორაციის შემოყვანით, საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი კიდევ ერთი მასშტაბური პროექტით წარმოჩინდა. მისი თქმით, მსოფლიო მასშტაბის ქიმიური წარმოების ერთ-ერთი ლიდერის საქართველოს ბაზარზე შემოყვანით სააგენტომ გადაჭარბებით შეასრულა ყველა სტრატეგიით გაწერილი მაჩვენებელი.
„საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით ეს პროექტი შედგა და აღნიშნული ინვესტიცია ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი იქნება ქვეყანაში. კორპორაცია მომდევნო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსის ინვესტირებას გეგმავს საწარმოს მოდერნიზების, განვითარებისა და წარმოების გაფართოების მიმართულებით“, – აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა.