„დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა ტრანსნაციონალური კომპანიების დაბეგვრის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს
„დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა ტრანსნაციონალური კომპანიების დაბეგვრის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა ტრანსნაციონალური კომპანიების დაბეგვრის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. შეთანხმება მიზნად ისახავს მსხვილი კორპორაციების მხრიდან გადასახადებისგან თავის არიდების წინააღმდეგ შესაბამისი ზომების გატარებას და კომპანიების იძულებას გადასახადები გადაიხადონ იმ ქვეყანაში, რომელშიც ოპერირებენ.

ამ დრომდე, კომპანიები გადასახადს იხდიდნენ მხოლოდ მათი რეგისტრაციის ადგილზე და არა იმ ქვეყნებში, სადაც შემოსავალს იღებენ. ამან განაპირობა ის, რომ ბევრმა კომპანიამ თავისი შტაბ-ბინა უფრო დაბალი გადასახადების მქონე ქვეყანაში დაარეგისტრირა.

შეთანხმების მიხედვით, დაწესებული იქნება საგადასახადო განაკვეთის მინიმუმი, რაც ასევე ქვეყნებს შორის, დაბალი საგადასახადო განაკვეთის დაწესებით გამოწვეულ ქიშპობას შეწყვეტს. აგრეთვე, კომპანიები იძულებულნი იქნებიან მეტი გადასახადი გადაიხადონ იმ ქვეყანაში სადაც გაყიდვებს განახორციელებენ და არა იქ სადაც საკუთარი მოგების დეკლარირებას ახდენენ.

მსხვილი კორპორაციებისთვის მოგების მინიმალურ საგადასახადო განაკვეთად 15 პროცენტი განისაზღვრა.

„დიდი შვიდეულის“ განცხადებით, აღნიშნული შეთანხმება ქვეყნების მთავრობებს პანდემიის პერიოდში აღებული სესხების დაფარვის შესაძლებლობას მისცემს.