ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ჩეხ ტურისტთან კონტაქტში მყოფი 30 პირი უკვე იზოლირებულია და დამატებითი კონტაქტების შესწავლა მიმდინარეობს
ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ჩეხ ტურისტთან კონტაქტში მყოფი 30 პირი უკვე იზოლირებულია და დამატებითი კონტაქტების შესწავლა მიმდინარეობს

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ჩეხ ტურისტს მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის მადლობას უხდის.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ჩეხეთის მოქალაქეს მისი ძალიან მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის, ვინაიდან მან არ დამალა, ღიად დარეკა და დააფიქსირა, ასევე ფოტო-მასალით სრულად აღწერა ის მარშრუტი, რომელ მარშრუტზეც იმყოფებოდა სიმპტომების გამოვლენის შემდეგ. ეს მნიშვნელოვანად დაეხმარა ჩვენს ოპერატიულ სამსახურს, რათა გუშინვე მოეხდინათ ყველა იმ პირის იზოლირება, რომლებიც ამ ადამიანთან კონტაქტზე იმყოფებოდნენ “ ,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე იზოლირებულია ჩეხ ტურისტთან კონტაქტში მყოფი 30 პიროვნება და მიმდინარეობს დამატებითი კონტაქტების შესწავლა, რათა სიმპტომების გამოვლენამდე ყველა ეს პირი იზოლაციაში მოთავსდეს.

მინისტრის განმარტებით, 30-დან სამ ადამიანს გამოხატული სიმპტომები აქვს.

„ეს სამი ადამიანი არის თვითიზოლაციაში, მოხდება მათი გადამოყვანა თბილისში. ლუგარში მიმდინარეობს კვლევა და პასუხებს საღამოს მოგახსენებთ. კახეთში ის არ იმყოფებოდა, ამას არ ადასტურებს. ის იმყოფებოდა გუდაურში, მოწოდებული აქვს როგორც მანქანების ნომრები, რომლებითაც ის გადაადგილდებოდა, ასევე ყველა იმ ლოკაციის მისამართი, სადაც დრო გაატარა“ ,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ამასთან, ეკატერინე ტიკარაძე ჯერჯერობით ვერ საუბრობს, ჩეხი ტურისტი საქართველოში დაინფიცირდა თუ ქვეყანაში უკვე ინფიცირებული შემოვიდა.

„ჩვენ ვართ ინტენსიურ კონტაქტზე ჩეხეთის რესპუბლიკასთან, როგორც კი გვექნება პასუხი, ამასაც გავხდით საჯაროდ. როგორც გითხარით, 30 პიროვნება არის იდენტიფიცირებული, კვლევა ჯერჯერობით გრძელდება, ეს რიცხვი არ არის დასრულებული“ ,- განაცხადა ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, ჯანდაცვის მინისტრმა დაადასტურა, რომ ჩეხ ტურისტს საქართველოდან გამგზავრების შემდეგ კორონავირუსი დაუდგინდა.