ეკატერინე ტიკარაძემ ნაციონალური ჯანდაცვის ინსტიტუტის ხელმძღვანელებთან მოლაპარაკებები გამართა
ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნაციონალური ჯანდაცვის ინსტიტუტის ხელმძღვანელებს შეხვდა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ორმხრივი მოლაპარაკება ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ნაციონალური ცენტრის დირექტორ ენტონი ფაუჩთანაც გაიმართა.
ეკატერინე ტიკარაძე ამერიკული მხარის წარმომადგენლებს დეტალურად ესაუბრა მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ, მათ შორის ინფექციების კონტროლის მიმართულებით.
„საქართველოში შემუშავებული იქნება ახალი კრიტერიუმები. გაძლიერებულია სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციების კონტროლის მექანიზმები, რომელთა დარღვევის შემთხვევაშიც მნიშვნელოვანი სანქციები მოქმედებს“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
მოლაპარაკებებზე ყურადღება გამახვილდა ქართულ-ამერიკულ პროექტებზე, რომლებიც წლებია, წარმატებით ხორციელდება.
აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ნაციონალური ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონი ფაუჩმა მინისტრთან შეხვედრა დადებითად შეაფასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
„მინისტრთან დღევანდელი შეხვედრა იყო წარმატებული და პროდუქტიული. მას კარგად ესმის ჩვენს სფეროში არსებული პრობლემები და გამოწვევები. მოხარული ვართ, რომ ჩვენი მეგობრობა საქართველოსთან გაგრძელდება. განსაკუთრებით გვახარებს ფაქტი, რომ ჯანდაცვის ამჟამინდელ მინისტრთან უფრო ხშირი თანამშრომლობა მოგვიწევს“, – განაცხადა ენტონი ფაუჩმა.