საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ სამინისტროს 10-წლიანი გეგმის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ უწყების მთავარი პრიორიტეტი მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის მეტად გაუმჯობესებაა.
მინისტრის განმარტებით, 10-წლიანი გეგმა ცხოვრების ყველა ეტაპზე ჯანდაცვის სერვისებზე უნივერსალურ ხელმისაწვდომობას გულისხმობს. კერძოდ, 2021-2030 წლებში გაძლიერდება გადამდებ დაავადებათა ზედამხედველობა, დაინერგება ჯანმრთელობის ხელშეწყობის ეფექტური მექანიზმები, გაუმჯობესდება დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობა. გარდა ამისა, ტიკარაზე ამბობს, რომ მეტად გაძლიერდება პირველადი ჯანდაცვის სისტემა.
სიტყვით გამოსვლისას ჯანდაცვის მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ 10 წლიანი გეგმის მიხედვით სამინისტრო მეტად ორიენტირებული იქნება დაავადებათა პრევენციაზე, პროფილაქტიკაზე, ადრეულ გამოვლენასა და გართულების თავიდან აცილებაზე, გაძლიერდება ოჯახის ექიმის რგოლი, გაიზრდება სერვისების მოცულობა და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა. მისივე თქმით, ხელმისაწვდომი ჯანდაცვა ფსიქიკური ჯანმრთელობის სამსახურების გაძლიერებასაც მოიცავს.
მინისტრის განცხადებით, შემუშავდება ახალი მოდელი, რომელიც სრულად იქნება მორგებული მოქალაქის ბიო-ფსიქო-სოციალურ საჭიროებებზე.
„ჩინეთის სახელმწიფოს გრანტის ფარგლებში იგეგმება ორი ახალი ფსიქიატრიული საავადმყოფოს მშენებლობა და თბილისის ორი ფსიქიატრიული საავადმყოფოს რეაბილიტაცია. მოხდება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჰოსპიტალური ქსელის გაძლიერებაც, რომელიც მაღალი ხარისხის სერვისის მიწოდებით, პაციენტის ჯანმრთელობას უზრუნველყოფს. გარდა ამისა, სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის ფარგლებში 20-მდე კლინიკა უახლესი სტანდარტების შესაბამისად განახლდება. მოხდება სახელმწიფო კლინიკების სასწავლო ბაზებად ინტეგრირება, სახელმწიფო კლინიკების პერსონალის უწყვეტი პროფესიული განვითარება და შრომის ანაზღაურების სტანდარტიზება. 10-წლიანი გეგმის თანახმად გაიზრდება სამედიცინო განათლების ხელშეწყობა, მოხდება პროფესიული ასოციაციების გაძლიერება და საექთნო საქმიანობის ხელშეწყობა“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ჯანდაცვის მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ხარისხიანი ჯანდაცვის სერვისებზეც. ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, სწორდ ხარისხიან ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება წარმოადგენს სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს. კერძოდ, მოხდება ჰოსპიტლების სელექტიური კონტრაქტირება და ერთიანი სატარიფო პოლიტიკის დანერგვა. ასევე, დაინერგება სამედიცინო მომსახურების ხარისხის საერთაშორისო აკრედიტაციის მექანიზმები.
„2021-2030 წლების მთავარი პრიორიტეტი ხარისხიან სამკურნალო საშუალებებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაცაა, რაც ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების გაფართოებას გულისმოხბს. შეიქმნება წამლის ეროვნული ლაბორატორია, მოხდება მედიკამენტების ფასწარმოქმნის სისტემის სრულყოფა და დაინერგება მედიკამენტების რაციონალური გამოყენების მექანიზმები. 10-წლიანი გეგმის მიხედვით, სამინისტროს სტრატეგიული პრიორიტეტებს შორისაა ციფრულ ტექნოლოგიებსა და ხელოვნურ ინტელექტზე ეტაპობრივი გადასვლა. ციფრული ჯანდაცვა ზოგავს როგორც პაციენტის, ისე დაწესებულებისა და სახელმწიფოს რესურსებს“, – განაცხადა ტიკარაძემ.
მინისტრის განცხადებით, ციფრულ ტექნოლოგიებსა და ხელოვნურ ინტელექტზე გადასვლა უზრუნველყოფს უნივერსალურ ხელმისაწვდომობას სამედიცინო მომსახურებაზე და ის მაღალი უსაფრთხოებით და სიზუსტით ამარტივებს სამედიცინო მომსახურების მიღების პროცედურებს. ასევე, გაიზრდება ხელმისაწვდომობა „ჭკვიან მოწყობილობებზე“.
მინისტრის თქმით, სამინისტროს 2021-2030 წლის გეგმებს შორისაა მდგრადი სოციალური დაცვაც. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სოციალური კოდექსი ადამიანის სიცოცხლის ყველა ეტაპზე, საჭირო მხარდაჭერის მიღების კანონით გამყარებული გარანტიაა.
„სოციალური კოდექსის სრულყოფილად ამოქმედების მიზნით შეიქმნება მდგრადი, ეფექტიანი, კოორდინირებული სოციალური დაცვის სისტემა, რომელიც მოიცავს: დასაქმებისა და სოციალური გასაცემლების სისტემის გაუმჯობესებას, კერძო და სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებების დაფინანსებასა და რეგულირების მექანიზმების გაუმჯობესებას, მედიკამენტების ხარისხისა და მათზე ხელმისაწვდომობის ზრდას და დაზღვევის ახალი კომპონენტების განხილვას. კერძოდ საუბარია, სავალდებულო სამედიცინო, სოციალური, უმუშევრობის, უბედური შემთხვევებისა და დროებითი შრომისუუნარობის დაზღვევაზე. იმისთვის, რომ ყველა მოქალაქე სხვადასხვა სოციალური რისკებისგან დაცული იყოს მნიშვნელოვანია სოციალური დაცვის მექანიზმების გაუმჯობესება. სოციალურ დაცვას შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია, სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამების ხელმისაწვდომობის გაზრდა“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.
მინისტრის განცხადებით, ოჯახების გაძლიერება და ყველა ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახებში აღზრდა სამინისტროს უმთავრესი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, მოხდება ოჯახის მხარდამჭერი სერვისებისგაძლიერება, ალტერნატიული სერვისების განვითარება, დიდი ზომის ბავშვთადაწესებულებების დახურვა, დამატებითი სპეციალიზებული 24-საათიანი ზრუნვის დაწესებულებების შექმნა და ბავშვების ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნება ან ალტერნატიულ სერვისებში განთავსება.
როგორც ტიკარაძემ პრეზენტაციაზე განაცხადა, ასევე უმნიშვნელოვანესია მინდობით აღზრდის სერვისების ხელშეწყობა, რათა ბავშვები ოჯახურ გარემოსთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში აღიზარდონ. 2021-2030 წლებში, მოხდება შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის ბიოფსიქოსოციალურ მოდელზე გადასვლაც. შშმ პირთა საჭიროებები განისაზღვრება არა მხოლოდ მათი დიაგნოზით, არამედ ფუნქციური შესაძლებლობებით.
მინისტრის განცხადებით, ახალი მოდელი უკეთ გამოკვეთს შშმ პირთა რეალურ საჭიროებებს და რეაგირების მექანიზმებს. საქართველოს მასშტაბით მოხდება შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის სოციალური მოდელის სრული დანერგვაც. სამინისტროს განვითარების 10-წლიანი ხედვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ღირსეული შრომითი გარემო და აქტიური დასაქმებაა.
ტიკარაძე აღნიშნავს, რომ შრომისუნარიანი ადამიანების საერთო ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართვა და ინდივიდუალური შემოსავლის წყაროებით უზრუნველყოფა სახელმწიფო მნიშვნელობის პრიორიტეტია.
მისივე თქმით, 2021-2030 წლების სამინისტროს სტრატეგიული პრიორიტეტია დევნილთა და ეკომიგრანტთა კეთილდღეობაც. 10-წლიანი გეგმის თანახმად, მოხდება იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, ხოლო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების უსაფრთხო გარემოში განსახლება.
მინისტრის განცხადებით, დევნილთა და ეკომიგრანტთა მდგრადი განსახლება და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფა, მათი სრულყოფილი ინტეგრაციის აუცილებელი პირობაა.