ეკატერინე ტიკარაძე - ყველა პროექტი, რომელიც მიმდინარეობს, შეთანხმებულია მსოფლიო ბანკთან
მოპედები ამ ეტაპზე არ არის შეძენილი, თუმცა, ყველა პროექტი, რომელიც მიმდინარეობს, შეთანხმებულია მსოფლიო ბანკთან, – ასე უპასუხა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტის კითხვას, როგორ იხარჯება მსოფლიო ბანკისგან აღებული 80 მილიონი ლარის ოდენობის სესხი, რომელიც განკუთვნილი იყო სასწრაფო დახმარებისთვის, მათ შორის, სასწრაფოებისთვის მოპედების შესაძენად.
მინისტრის თქმით, შესყიდვებთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილებები მსოფლიო ბანკთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან კონსულტაციის შედეგად მიიღება.
„მოპედები არ არის ამ ეტაპისთვის შეძენილი, თუმცა ყველა ის პროექტი, რომელიც მიმდინარეობს, ყველაფერი შეთანხმებულია მსოფლიო ბანკთან, იქ განიხილება საჭიროებები და ასევე, ის რაციონალური წინადადებები, რომლებიც მიზანმიმართულად ორიენტირებულია კოვიდის მართვაზე. მხოლოდ მსოფლიო ბანკთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან კონსულტაციების შემდეგ მიიღება კონკრეტული გადაწყვეტილებები. რაც შეეხება შენაძენს, თუ რა ეტაპზე ვართ, შესყიდვების 40-დან 45 პროცენტამდე განხორციელებულია, დანარჩენზე არის მიმდინარე პროცესი, რომელიც ჯერ კიდევ გაგრძელდება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.