ეკატერინე ტიკარაძე - წარმატებული ქვეყნების გამოცდილების გაზიარების საფუძველზე, სოციალური კოდექსის სახით მასშტაბური საკანონმდებლო რეფორმა განხორციელდება
საქართველოს პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას ეკატერინე ტიკარაძემ ყურადღება გაამახვილა გაამახვილა სოციალურ კოდექსზეც და აღნიშნა, რომ წარმატებული ქვეყნების გამოცდილების გაზიარების საფუძველზე, სოციალური კოდექსის სახით მასშტაბური საკანონმდებლო რეფორმა განხორციელდება.
„ამ ეტაპზე, ევროპელ ექსპერტებთან ერთად მიმდინარეობს საქართველოსა და ევროპის სოციალური სისტემების სიღრმისეული შესწავლა, რომელიც გახდება საქართველოს სოციალური კოდექსის საფუძველი. წარმატებული ქვეყნების გამოცდილების გაზიარების საფუძველზე განხორციელდება მასშტაბური საკანონმდებლო რეფორმა სოციალური კოდექსის სახით, რომელიც უზრუნველყოფს მდგრად, ეფექტიან, კოორდინირებულ დაცვის სისტემას. სოციალური კოდექსი გახდება ადამიანის ცხოვრების ყველა ეტაპზე არსებული საჭიროებების დაკმაყოფილების კანონით გამყარებული გარანტი.
თუ ჩვენ გვაქვს მისწრაფება, გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრი, მაშინ საქართველოს ყველა მოქალაქეზე ზრუნვა უნდა განხორციელდეს ისე, როგორც ამას აკეთებენ ევროპის ქვეყნებში. ამიტომ, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ სწრაფად, მოქნილად და კოორდინირებულად“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.