ეკატერინე ტიკარაძე - ვაქცინაციის პროცესში უნივერსიტეტების ჩართვა მნიშვნელოვანია, მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი გაიხსნება ქუთაისშიც
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში (სეუ) გახსნილი მასობრივი ვაქცინაციის ცენტრი მოინახულა.
ტიკარაძემ საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტს ჯანდაცვის სამინისტროსთან აქტიური თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
„ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ვაქცინაციის სივრცეების თანმიმდევრულ გაშლას. მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტს, რომელიც თითქმის ერთი წელია, აქტიურად თანამშრომლობს ჯანდაცვის სამინისტროსთან. აქ გვქონდა ონლაინკლინიკა და ცხელი ხაზი, ასევე შემოგვთავაზეს სივრცე ვაქცინაციის პროცესის გასამართად“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ჯანდაცვის მინისტრმა ვაქცინაციის პროცესში უნივერსიტეტების ჩართვის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.
„ზოგადად, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს უნივერსიტეტების ჩართვას ამ პროცესში, რადგან საკმაოდ დიდი მოცულობა როგორც ლექტორების, ასევე სტუდენტების არიან ასაცრელები და კომფორტულ გარემოს დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ სივრცეში მოსახლეობის დიდი ნაწილი იღებს მომსახურებას, გამტარობა სივრცეებში არის საკმაოდ მაღალი. აქ იმყოფება სამი რეგისტრატორი და ექვსი ამცრელი ბრიგადა. სივრცეს აქვს საშუალება, მოხდეს გაფართოება. დაახლოებით 600-700 ადამიანამდე გამტარუნარიანია. კონკრეტულად ამ უბანში მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი არ იყო გახსნილი და მნიშვნელოვანია როგორც რეგიონში, ასევე დიდი ქალაქების უბნებში იყოს ხელმისაწვდომი. მსგავსი ცენტრი გაიხსნა ბათუმში, რამდენიმე დღეში გაიხსნება ქუთაისში, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 15 ამცრელი ბრიგადა. ის იქნება ქალაქის ცენტრში, აკადემიურ სივრცეში და იმერეთის რეგიონის, ქუთაისის მოსახლეობისთვის გაიზრდება როგორც გამტარუნარიანობა, ასევე ხელმისაწვდომობა“, – აღნიშნა ტიკარაძემ.