ეკატერინე ტიკარაძე - თითოეული ადგილობრივი თვითმმართველობა აქტიურად უნდა ჩაერთოს ვაქცინაციის პროცესში, დარწმუნებული ვარ, ვაქცინაციის მარათონის ფარგლებში რეგიონები მნიშვნელოვნად გააქტიურდება
ეკატერინე ტიკარაძე - თითოეული ადგილობრივი თვითმმართველობა აქტიურად უნდა ჩაერთოს ვაქცინაციის პროცესში, დარწმუნებული ვარ, ვაქცინაციის მარათონის ფარგლებში რეგიონები მნიშვნელოვნად გააქტიურდება

რეგიონებში იდენტიფიცირებული უნდა იყოს, თუ რა არის ვაქცინაციის დაბალი ტემპის მიზეზი. დარწმუნებული ვარ, ვაქცინაციის მარათონის ფარგლებში რეგიონები მნიშვნელოვნად გააქტიურდება, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ კავთისხევში განაცხადა, საიდანაც ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლებმა დღეს ვაქცინაციის მარათონში ჩართული სოფლების მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყეს.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, მნიშვნელოვანია, თითოეული ადგილობრივი თვითმმართველობა აქტიურად ჩაერთოს ვაქცინაციის პროცესში, რადგან მხოლოდ ცენტრალური აპარატიდან პროცესის წარმატებით დასრულება ძალიან რთული იქნება.

„რეალურად, ნიშნული, რომელიც დათქმული იყო ჯერ კიდევ შარშან, მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაციასთან დაკავშირებით, გარკვეულ რეგიონებში უკვე წარმატებით არის შესრულებული. მნიშვნელოვანია, რომ რეგიონებშიც იდენტიფიცირებული იყოს, თუ რა არის ვაქცინაციის დაბალი ტემპის მიზეზი. დარწმუნებული ვარ, ამ მარათონის ფარგლებში მოხდება რეგიონების მნიშვნელოვანი გააქტიურება. ასევე მნიშვნელოვანია, თითოეული ადგილობრივი თვითმმართველობა აქტიურად ჩაერთოს ამ პროცესში, რადგან მხოლოდ ცენტრალური აპარატიდან ამ პროცესის წარმატებით დასრულება ძალიან რთული იქნება. ჩვენ გვაქვს არაერთი ინიციატივა იმასთან დაკავშირებით, რომ მოხდეს ადგილობრივი თვითმმართველობების ფინანსური წახალისება, რათა სოფელმა ადგილზე გადაწყვიტოს, რა არის მათთვის პრიორიტეტული პროექტი და ამ პროექტის ფარგლებში მიეცეთ საშუალება, გააუმჯობესონ საზოგადოების ზოგადი საჭიროებები.

მიუხედავად ცალკეულ რეგიონებში წარმატებული ციფრებისა, გვაქვს კვლავ მაღალი ნიშნები, ასევე, საავადმყოფოებში შეინიშნება მობილობის გააქტიურება და ამის მიზეზი მარტივია. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ რაოდენობრივ ჭრილში ვუყუროთ ამ პროცესს, არამედ ხარისხობრივ ჭრილში. ეს არის ასაკობრივი გრადაცია, რომელიც დადგენილი იყო ჯერ კიდევ იანვარში, იმ არსებული კალენდრით, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად შეიმუშავა და რამდენიმეჯერ განიცადა სახეცვლილება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მისივე თქმით, აუცილებელია, 60 წელს გადაცილებული მოქალაქეები აიცრან კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით, რადგან უპირველესად, მათში არის მაღალი ლეტალობა.

„ჯანდაცვის სამინისტროს ჰქონდა სხვა პოზიცია და დღეს იკვეთება, რომ მნიშვნელოვანია, ავცრათ 60 წელს გადაცილებული მოსახლეობა, ანუ საერთო მოსახლეობის არა მხოლოდ 60%, არამედ 100% უნდა აიცრას. 60 წელს ზევით ასაკის მოქალაქეები, რადგან „კოვიდით“ ყველაზე მაღალი მოავადეები სწორედ ისინი არიან, ხვდებიან კლინიკებში და მათშია მაღალი ლეტალობა. აქედან გამომდინარე, მინდა ვთხოვო ყველა ახალგაზრდას, რომელიც გეგმავს მომავალში აცრას, ჯერ აცრას საკუთარი მშობელი, ბებია-ბაბუა და შემდეგ თავად აიცრან. ახლა ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ დავიცვათ ჩვენი საყვარელი ადამიანები, ეკონომიკა, გადავარჩინოთ საავადმყოფოები გადატვირთულობას და ხელი შევუწყოთ ექიმებს, რათა წარმატებით დაასრულონ პანდემია“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლებმა დღეიდან ვაქცინაციის მარათონში ჩართული სოფლების მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყეს.