ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ „სინოფარმის“ ვაქცინასთან დაკავშირებით დაწყებულია წინასწარი მოლაპარაკებები, როგორც ჩინურ მხარესთან, ისე „კოვაქს“ პლატფორმასთან
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ჩინური ვაქცინა უკვე არის იმ ვაქცინების რიცხვში, რომელიც უახლოეს მომავალში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან აკტრედიტაციას მიიღებს.
მისივე თქმით, საქართველოს დაწყებული აქვს წინასწარი მოლაპარაკებები როგორც ჩინურ მხარესთან, ასევე „კოვაქს“ პლატფორმასთან.
„ჩვენ, როგორც „ასტრაზენეკას“ და „ფაიზერის“ შემთხვევაში, დაწყებული გვაქვს წინასწარი მოლაპარაკებები, როგორც ჩინურ მხარესთან, ასევე „კოვაქს“ პლატფორმასთან. ასევე, ერთ-ერთი მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან ჩინურ ვაქცინას მიღებული აქვს ავტორიზაცია, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ინტენსიურად გავაგრძელოთ მოლაპარაკებები. პირველი ეტაპისთვის გვაქვს შეკვეთილი მცირე დოზა პირდაპირ მომწოდებელთან, ეს არის 100 000 ვაქცინა. უკვე „კოვაქს“ პლატფორმიდან გაგვიჩნდება ხელმისაწვდომობა დამატებით საჭირო ვაქცინებზე. ეს არის „სინოფარმი“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.