ეკატერინე ტიკარაძე - სელექტიური კონტრაქტირება სამედიცინო დაწესებულებების სიმძლავრის, შესაძლებლობებისა და ხარისხის შეფასებას გულისხმობს
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას სელექტიური კონტრაქტირების მნიშვნელობაზეც ისაუბრა.
მისი თქმით, სელექტიური კონტრაქტირება არის ქმედითი მექანიზმი, რომლის საშუალებით მოხდება სახელმწიფო ბიუჯეტის მეტად გონივრული და ეფექტური მიმართვა იმ მაღალი სიმძლავრის დაწესებულებებზე, რომლებიც ორიენტირებულნი არიან პაციენტებისთვის ხარისხიანი, ხელმისაწვდომი მომსახურების მიწოდებაზე.
„სელექტიური კონტრაქტირება გულისხმობს სამედიცინო დაწესებულებების სიმძლავრის, შესაძლებლობების, ხარისხისა და სხვა მნიშვნელოვანი კრიტერიუმების მიხედვით შეფასებას. სწორედ აღნიშნული შეფასების მიხედვით, სახელმწიფო იღებს გადაწყვეტილებას დაწესებულებების დაფინანსებასთან დაკავშირებით. სელექტიური კონტრაქტირება არის ქმედითი მექანიზმი, რომლის საშუალებით მოხდება სახელმწიფო ბიუჯეტის მეტად გონივრული და ეფექტური მიმართვა იმ მაღალი სიმძლავრის დაწესებულებებზე, რომლებიც ორიენტირებულნი არიან პაციენტებისთვის ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მომსახურების მიწოდებაზე. სელექციის პირველი ეტაპი უკვე წარმატებით განხორციელდა პირველადი ჯანდაცვის სექტორში. კლინიკების სელექტიურ კონტრაქტირებასთან დაკავშირებით, უკვე მიღებულია გადაწყვეტილებები და უახლოეს პერიოდში დაიწყება მისი განხორციელება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
მინისტრის განმარტებით, სამინისტრო სელექციის მსგავსი ინსტრუმენტის დანერგვასაც გეგმავს, რომელიც სამედიცინო სექტორში მოთხოვნა-მიწოდების ბალანსის დაცვასა და სიჭარბის განტვირთვას მოემსახურება.
„ვგეგმავთ სელექციის მსგავსი ინსტრუმენტის დანერგვას, რომელიც ემსახურება სამედიცინო სექტორში მოთხოვნა-მიწოდების ბალანსის დაცვას და სიჭარბის განტვირთვას. ამ მიზნის განსახორციელებლად, ჩვენ ვგეგმავთ არა მხოლოდ არსებული დაწესებულებების სელექციას, არამედ ახალი დაწესებულებების ამოქმედების საკითხის რეგულირებას. სახელმწიფო უნდა გახდეს განმსაზღვრელი, თუ სად, რა მასშტაბის, რა სახის სერვისების მიწოდება არის საჭირო. პრიორიტეტების განსაზღვრისას ჩვენ ვიხელმძღვანელებთ იმ საერთაშორისო სტანდარტით, რომელიც კონკრეტულ ტერიტორიაზე მოსახლეობის რაოდენობისა და საჭიროებების პროპორციულად, სათანადო სერვისების მოცულობას განსაზღვრავს“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.