ეკატერინე ტიკარაძე - საწოლფონდის გაზრდა არ არის გამოსავალი, ვინაიდან გვყავს ექიმების განსაზღვრული რაოდენობა, უნდა გავუფრთხილდეთ მათ შრომას
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საწოლფონის გაზრდა შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამოსავალი არ არის, რადგან ქვეყანას ექიმების განსაზღვრული რაოდენობა ჰყავს.
„ვამბობდი პირველი ტალღის პერიოდში, ასევე ვიმეორებდი მეორე ტალღის დროს დას მესამე ტალღის პერიოდშიც ვრჩები ჩემს აზრზე, რომ საწოლფონდის გაზრდა არ არის გამოსავალი, ვინაიდან გვყავს ექიმების განსაზღვრული რაოდენობა.
ექიმების ჩამოყალიბებას და მათ განათლებას ესაჭიროება ექვსიდან 12 წლამდე, შესაბამისად, თუ არ იქნება დაცული არანაირი რეგულაცია და ინფექცია გავრცელდება, მოლოდინი, რომ ასეთ შემთხვევაში გვექნება საშუალება, 20 000 და 30 000 საწოლს მოვემსახუროთ, ეს რეალობა ჩვენ არ დაგვიდგება. ჩვენ გვყავს ექიმების განსაზღვრული რაოდენობა, უნდა გავუფრთხილდეთ მათ შრომას, ავიღოთ გარკვეული რისკები მათ გადატვირთვასთან მიმართებაში, ანგარიში უნდა გავუწიოთ ამ ყველაფერს“, – განაცხადა ტიკარაძემ.
მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის მობილიზებულია 5 000-მდე საწოლი, საიდანაც დაკავებულია 2 500.
„დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში გვაქვს 8 000 აქტიური შემთხვევა, რომელთაგან ნაწილს ვმართავთ ჰოსპიტალურ სექტორში, ნაწილს – სასტუმრობეში, ნაწილს – ბინაზე. ეს პრინციპი და მიდგომა რჩება იგივე. შემოდგომაზე ჯამში იმართებოდა 20 000 საწოლი, მნიშვნელოვანია, ჩვენ ვიზრუნოთ, არ გავრცელდეს ინფექცია და არ გვქონდეს იმის ილუზია, რომ ამაზე ბევრად მეტის შესაძლებლობა ექნება სექტორს, სექტორს ეს შესაძლებლობა არ ექნება, ვინაიდან ვართ ლიმიტირებული ექიმების რაოდენობაში“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“.
#კოვიდ19 გაუარესებული ეპიდვითარება – სტუმრები: ეკატერინე ტიკარაძე, პაატა იმნაძე, ბიძინა კულუმბეგოვი