სალომე ზურაბიშვილი - დარწმუნებული ვარ, რაც უფრო ძლიერი იქნება ქვეყანაში მედიცინის სფერო, მით უფრო ძლიერი იქნება ქვეყანა
სალომე ზურაბიშვილი - დარწმუნებული ვარ, რაც უფრო ძლიერი იქნება ქვეყანაში მედიცინის სფერო, მით უფრო ძლიერი იქნება ქვეყანა

პრეზიდენტმა დღეს ორბელიანების სასახლეში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს უმასპინძლა, რომლებიც ხელმოწერების კამპანიას – „ჩვენი ხმა ევროპას“ შეუერთდნენ.

ხელმოწერების კამპანია 8 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით დაიწყო და საქართველოსათვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოთხოვნით ევროკავშირის ლიდერებისადმი მიმართვას ითვალისწინებს.

„თქვენი ხმა ევროპას! იმედი მაქვს, ყველამ მოაწერეთ ხელი მიმართვას. ეს არის ჩვენი ერთობლივი გზა, რომელსაც ალტერნატივა არ გააჩნია, ჩვენ სხვა პერსპექტივა არ გვაქვს და ამისი ახსნა დღეს თქვენთან ყველაზე ნაკლებად მჭირდება. სამედიცინო სფერო, რომელიც დღეს აქ არის შეკრებილი, ჩვენი საზოგადოების ის ნაწილია, რომელიც ყველაზე კარგად აცნობიერებს, თუ რამდენად სჭირდება ჩვენს ქვეყანას ჯანდაცვის სფეროში ევროპა და ევროპული სტანდარტები.

ეს ნამდვილად ჩვენი მომავალია, რომელიც ერთი ადამიანის ჯანმრთელობის დაცვით იწყება და, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მომავლისთვის, ახალგაზრდებისა და ბავშვების ჯანდაცვით გრძელდება. ამიტომ ყველამ კარგად ვიცით, რომ ევროპა არ არის რაღაც მიუწვდომელი იდეალი, იქაც ალბათ ამ სფეროში ძალიან ბევრი პრობლემაა, მაგრამ არსებობს მინიმალური სტანდარტები, რაც ყველასთვის მინიმალური სტანდარტი უნდა გახდეს და ჯანდაცვის უფლება მხოლოდ სიტყვა და მხოლოდ ფარატინა ქაღალდებზე არ უნდა დარჩეს – ეს ჩვენს ქვეყანაში რეალობა უნდა გახდეს.

ჩვენ კარგად ვიცით ევროპა. ძალიან ბევრი თქვენგანი სწავლობდა ევროპაში ან დღეს სწავლობს, ძალიან ბევრი მოღვაწეობს ევროპაში და, სხვათა შორის, საკმაოდ წარმატებული, ცნობილი და აღიარებული ექიმები არიან იქ, იმ ჰოსპიტალებში, კლინიკებში, სადაც მოღვაწეობენ. ევროპამ ჩვენც გაგვიცნო. ისე არ არის მხოლოდ, რომ ჩვენ მივდივართ ევროპისკენ, ევროპაც გარკვეულწილად მოდის ჩვენკენ. ჩვენი მიღწევა კოვიდთან ბრძოლასა და გამკლავებაში შეუმჩნეველი არ დარჩენილა.

ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი ქვეყანა, რომლის ჯანდაცვის სისტემამაც გაუძლო ამ გამოწვევას და ამას იმ წარმატებულ ადამიანებს უნდა ვუმადლოდეთ, რომლებმაც კოვიდპანდემია მართეს. შეიძლება, ჩვენი ჯანდაცვის სისტემა იდეალური ნამდვილად არ არის, მაგრამ ეს შევძელით და ამით ერთგვარი პატივისცემა დავიმსახურეთ.

ასევე, სხვადასხვა მიმართულებითა და სხვადასხვა სფეროებში უკვე აღიარებულია საქართველო და მეტი და მეტი ინტერესი ჩნდება ჩვენ მიმართ. ინტერესი ჩნდება ფაგებით მკურნალობის მიმართ, ასევე, მთელი რიგი პარამედიცინის, რეგენერაციული სფეროების მიმართაც, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს ეკონომიკურად შეიძლება იყოს მიმზიდველი უცხოელებისთვის, რომლებიც ჩამოდიან იმისთვის, რომ ეს სერვისები მიიღონ.

ჩვენ კარგად ვიცით, რომ კიდევ შორს ვართ იმ მთავარ მიღწევებისგან, რომლებიც ევროპულ დონეზე აგვიყვანს, პირველ რიგში, პრევენციის მიმართულებით, რომელიც ყველაზე მეტად გვჭირდება, რადგან ადამიანები მე-2, მე-3, მე-4 სტადიაზე ხვდებიან დაავადებებს და ჩვენი ჯანდაცვის სისტემა იძულებულია, გაუმკლავდეს სწორედ ამ დამძიმებული ადამიანების მდგომარეობას. პრევენცია სახელმწიფოს მოვალეობაა და აქ სწორედ ევროპული სტანდარტებია საჭირო;

მეორე სფერო, რომელიც მე ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია, არის კარდიოქირურგია და ბევრი სხვა სფერო. ის, რაც გაკეთდა კარდიოქირურგიის მიმართულებით, არ გაკეთებულა ჯერ ბავშვთა ონკოლოგიის კუთხით, რომელიც ჩემთვის დიდი ხანია ერთ-ერთი პრიორიტეტია.

არ შეიძლება გაგრძელდეს ასე, როცა ონკოლოგიურად მძიმე დაავადებების მქონე ჩვენი ბავშვები იძულებულები ხდებიან, წავიდნენ უცხოეთში და ოჯახიც გაჰყვეს იქ. მართალია, რაღაც ნაბიჯები გადაიდგა დაფინანსების კუთხით და უფრო სრულად ფინანსდება ამ ბავშვების უცხოეთში გაშვება და შეზღუდვები ამ კუთხით აღარ არის, მაგრამ ოჯახების პრობლემა ოჯახების პრობლემად რჩება, ქვეყნის პრობლემა კი – ქვეყნის პრობლემად. ჩვენი ბიუჯეტის დიდი თანხები გადის ქვეყნიდან, იმის მაგივრად, რომ აქ განვავითაროთ ეს სფერო და დარწმუნებული ვარ, ეს შეგიძლიათ. ჩვენ ამერიკასა და ევროპაში ამ კუთხით ძალიან კარგი სპეციალისტები გვყავს – მათი დროებით ან ხანგრძლივად ჩამოყვანაც შეიძლება და აქაური სპეციალისტებიც გვყავს იმისთვის, რომ ეს დარგი ბოლოს და ბოლოს განვავითაროთ და მოვხსნათ ეს პრობლემა;

მესამე საკითხი, რომელიც არ შეიძლება, რომ ასევე აქ არ ვახსენო, რომელიც მზარდი პრობლემაა საქართველოსა და მსოფლიოში, ეს აუტიზმის საკითხია, რომელიც ჩვენგან მეტ ყურადღებას და ბევრად მეტ შესაძლებლობებს მოითხოვს იმისთვის, რომ ცენტრები ოჯახებს შეეხიდონ და დაეხმარონ იმ ძალიან მძიმე გამოწვევაში, რასაც ოჯახში აუტისტის სპექტრის ბავშვის ყოლა ჰქვია. მთავარია, რაც შეიძლება ადრე იყოს დაწყებული არა მხოლოდ მკურნალობა, არამედ სხვადასხვა უნარების განვითარება და რაც შესაძლებელია დროულად გაკეთდეს ეს. ამისთვის საჭიროა, ძალიან ბევრ რეგიონში გაიშალოს ეს ცენტრები, რომლებიც მათ დახმარებას შეძლებს. ესეც სახელმწიფო დონეზეა გასაკეთებელი. აუცილებელია, რომ ჩაეწეროს ეს პრიორიტეტად. ჩვენ გვესმის, რომ ბიუჯეტი მზარდია და ახალი შესაძლებლობები, და ალბათ უფრო მეტი თანხა, სწორედ ამ კუთხით უნდა იყოს განაწილებული.

თქვენ ჩემზე კარგად იცით, რომ არსებობს კიდევ ახალი დაავადებები, რომლებისათვისაც საჭიროა უცხოეთში ნაწარმოები ძვირადღირებული წამლები და ამისთვისაც საჭიროა, ბიუჯეტში ახალი თანხები ჩაისვას.

ეს საზოგადოების გამოწვევაა და ჩვენ უფრო სწრაფად მივაღწევთ ამ ყველაფერს, თუ იმ სტანდარტებს გამოვიყენებთ, რაც უკვე დანერგილია მთელ ევროპაში, თუ ჩვენ უფრო ეფექტურად გამოვიყენებთ იმ კონტაქტებს, რაც ევროპის სხვადასხვა ცენტრთან გვაქვს, თუ ჩვენი შიდა კანონმდებლობით გადავწყვეტთ, რომ ეს დარგი დასახმარებელია და არა – დასაჯარიმებელი. ეს ჩვენგან ალბათ მეტ ძალისხმევას მოითხოვს, აქაც ყველას ერთობლივი ბრძოლაა საჭირო“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, საქართველო, ბოლოს და ბოლოს, მედეას ქვეყანაა და არ შეიძლება, რომ ჯანდაცვაში იყოს ჩამორჩენილი და არა – წამყვანი.

„ჩვენ ვხედავთ, რომ სადაც ხელშეწყობა აქვთ ჩვენს ექიმებს, ყველგან, ყველა ქვეყანაში, ამერიკასა და ევროპაში ძალიან დიდი წარმატებები აქვთ. თქვენ წარმატებულები ხართ, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, უფრო წარმატებულები, უფრო ძლიერები შეიძლება იყოთ, რაც უფრო ძლიერი იქნება ამ ქვეყანაში ეს სფერო, უფრო ძლიერი იქნება ეს ქვეყანა.

ძალიან დიდი მადლობა ყველას მობრძანებისთვის! თქვენი ხმა, სხვადასხვა ხმასთან ერთად, ევროპას შეუერთდება და ჩვენ ამ სექტორის ხმას, რომელიც ესოდენ მნიშვნელოვანია, ევროპამდე მივიტანთ“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.