ჯანდაცვის სამინისტრო სუბსპეციალობის პროგრამაში „სასამართლო ექსპერტიზა“ ექიმებს უფასოდ გადაამზადებს

20:40, 01.12.2023

ჯანდაცვის სამინისტრო სუბსპეციალობის პროგრამაში „სასამართლო ექსპერტიზა“ ექიმებს უფასოდ გადაამზადებს.

სამინისტროს ინფორმაციით, დიპლომის შემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამის ფარგლებში აჭარის, იმერეთის, კახეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში მცხოვრები 10 ექიმის გადამზადება მოხდება.

გადამზადებული ექიმები, ძირითადი კლინიკური საქმიანობის პარალელურად, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს რეგიონულ დანაყოფებში დასაქმდებიან და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზას უზრუნველყოფენ.

პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება როგორც სწავლის, ისე სწავლის ხელშეწყობის ხარჯები (თბილისში საცხოვრებლის, ტრანსპორტის, დღიური ნორმის ხარჯები). სასამართლო ექსპერტების გადამზადების პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა განაცხადი სამინისტროს ელფოსტაზე – [email protected] უნდა გამოაგზავნონ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

პროგრამასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია მოცემულია ჯანდაცვის სამინისტროს ბმულზე.

მსგავსი