ეკატერინე ტიკარაძე - საუკეთესო გამოსავალია, საკუთარი და ეკლესიის წევრების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მოქალაქეები მაქსიმალურად დარჩნენ სახლში
ძალიან მნიშვნელოვანია, საფრთხე გავიაზროთ, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, აუცილებელია ყველამ გადაინაწილოს შესაბამისი პასუხისმგებლობა.
„პირველი დღიდან მოვუწოდებთ, რომ არც 9-დან 6 საათამდე, არც 6-დან 9 საათამდე საფრთხე არ მცირდება, საფრთხე დგას და მნიშვნელოვანია, რომ გადავინაწილოთ პასუხისმგებლობები სწორად და გავიაზროთ ის საფრთხე, რომლის წინაშეც დგას არამხოლოდ საქართველო, არამედ მთელი მსოფლიო. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი მაგალითი სხვადასხვა ქვეყანაში, სადაც ამ რეკომენდაციის არ დაცვით დატრიალდა ის ტრაგედია, რომელიც დატრიალდა. მაგალითი გვაქვს როგორც კორეაში, სადაც კარგად იმართა პროცესი, ასევე გვაქვს იტალიისა და ირანის მაგალითები“, – აღნიშნა მინისტრმა.
მისი თქმით, ცხრა საათის განმავლობაში ტაძარში ყოფნა საფრთხესა და რისკებს ზრდის.
„მნიშვნელოვანია, ჩვენმა მოქალაქეებმა დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან გაცემული ის რეკომენდაცია, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში ორ თვეზე მეტია, ჟღერდება. ეს ნიშნავს, რომ საფრთხე რჩება, მიუხედავად გარკვეული დისტანცირებისა, ვინაიდან ისინი ცხრა საათის განმავლობაში იქნებიან ტაძარში და ეს დროის მონაკვეთი გარკვეულწილად და მნიშვნელოვნად ზრდის, ამიტომ საუკეთესო გამოსავალია, რომ საკუთარი და ეკლესიის წევრების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად დარჩნენ სახლში“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.