ეკატერინე ტიკარაძე სასწრაფო დახმარების სამსახურის თანამშრომლებს მადლობას უხდის - თქვენი დაცვა ჩვენი სამინისტროსა და მთავრობის ვალდებულებაა, გავაგრძელებთ თქვენი უსაფრთხოებისთვის ბრძოლას
ეკატერინე ტიკარაძე სასწრაფო დახმარების სამსახურის თანამშრომლებს მადლობას უხდის - თქვენი დაცვა ჩვენი სამინისტროსა და მთავრობის ვალდებულებაა, გავაგრძელებთ თქვენი უსაფრთხოებისთვის ბრძოლას

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურის თანამშრომლებს მადლობას უხდის.

მინისტრი დღეს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდა და სიტყვით მიმართა.

„მინდა, დავიწყო მადლობით ყველა თქვენგანის მიმართ, რადგან გადაუდებელი სამსახური არის ის სამსახური, რომელიც არა მხოლოდ „კოვიდის“ შემთხვევაში, არამედ ყოველთვის პირველ ხაზზე იბრძვის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის და თქვენ ხართ ის უშიშარი გმირები, რომლებიც მთავრობასა და მოქალაქეებს დაგვეხმარეთ. მადლობა ყველას, ყველა ექიმს, ყველა მენეჯერს, ყველა ექთანსა და მძღოლს, რომლებიც პირველი დღიდან ჩაერთნენ კოვიდინფექციასთან ბრძოლაში და დაგვეხმარნენ, განგვეხორციელებინა ეს წარმატებული ღონისძიებები“, – განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, პერსონალს არაერთი ტრენინგი  და მომზადება აქვს გავლილი.

„ბევრი საუბრობს სამედიცინო პერსონალის ინფიცირებაზე. არ შეიძლება, მე, თქვენს გვერდით, არ გამოვეხმაურო ამ კომენტარებს და არ აღვნიშნო, რომ თქვენ ხართ ის ადამიანები, რომელთაც გაქვთ გავლილი არაერთი ტრენინგი, რომლებიც ჩვენთან ერთად მონაწილეობთ თითოეული პროტოკოლის შექმნაში და შემდეგ განხორციელებაში, ყველა იმ ჯგუფთან ერთად, რომელიც ატარებს ამ ტრეინინგს თქვენთვის და ჩვენთვის და რომელი პროტოკოლებიც ეყრდნობა მსოფლიო პრაქტიკასა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მხრიდან მოწოდებულ სტანდარტს“, – განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის წარმომადგენელთა დაცულობა მთავრობის ვალდებულებაა და ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება.

„ის, რომ თქვენ იყოთ დაცული, რათა ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობა იყოს უსაფრთხო, ეს არის ჩვენი სამინისტროსა და მთავრობის ვალდებულება. მე კიდევ ერთხელ მინდა, ავღნიშნო, რომ ჩვენ ისევ და ისევ გავაგრძელებთ თქვენს უსაფრთხოებაზე ბრძოლას“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.