ეკატერინე ტიკარაძე საქმიანობას ოფიციალურად შეუდგა
ეკატერინე ტიკარაძე საქმიანობას ოფიციალურად შეუდგა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ახალი მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე დღეიდან საქმიანობას ოფიციალურად შეუდგა.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ეკატერინე ტიკარაძე მოადგილეებს, დეპარტამენტების ხელმძღვანელებსა და უწყების სხვა თანამშრომლებს ხვდება.

შეხვედრების შემდეგ გადაწყდება, რა სტრუქტურული განახლება იგეგმება უწყებაში. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამ ეტაპზე საკადრო ცვლილებები არ იგეგმება.

ჯანდაცვის ახალი მინისტრი მზად არის საზოგადოებასთან აქტიური კომუნიკაციისთვის.

„სამინისტრო ორიენტირებული იქნება სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობაზე. ყველა პროცესი ღია და გამჭვირვალე იქნება“ – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ეკატერინე ტიკარაძეს ჯანდაცვის სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. მათ შორის ევროპის წამყვან ქვეყნებში – გერმანიასა და შვეიცარიაში, სადაც მესამეულ ქვეყნებში ჰოსპიტალური და სადაზღვევო სექტორის განვითარების მიმართულებით საქმიანობდა.

2015 წლიდან ეკატერინე ტიკარაძე საჩხერის საავადმყოფოს აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას იკავებდა.

ახალ მინისტრს ჯანდაცვის მენეჯმენტის მიმართულებით განათლება ევროპის წამყვან სასწავლებლებში აქვს მიღებული. ის ფლობს მაგისტრის ხარისხს ავსტრიის დანუბეს უნივერსიტეტის ჯანდაცვის მენეჯმენტში, ჰოსპიტალური სექტორის ეკონომიკისა და მართვის მიმართულებით.

2007-2008 წლებში ის გერმანიაში, ლუდვიქსჰაფენის პრაქტიკისა და მეცნიერების აკადემიაში სწავლობდა, 2015-2016 წლებში კი – გერმანიაში, მიუნსტერში ჰოსპიტალურ სექტორში მართვის მიმართულებას ეუფლებოდა. ეკატერინე ტიკარაძეს დამთავრებული აქვს თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი ექიმის კვალიფიკაციით.