ეკატერინე ტიკარაძე - საპატრიარქოში გარკვეულწილად გვქონდა შემაჯამებელი შეხვედრა, განვიხილეთ ნინოწმინდაში არსებული პრობლემა, რათა სრულიად დაცული იყოს ბავშვთა ინტერესები
ეკატერინე ტიკარაძე - საპატრიარქოში გარკვეულწილად გვქონდა შემაჯამებელი შეხვედრა, განვიხილეთ ნინოწმინდაში არსებული პრობლემა, რათა სრულიად დაცული იყოს ბავშვთა ინტერესები

დღეს გარკვეულწილად გვქონდა შემაჯამებელი შეხვედრა, საპატრიარქოსთან განვიხილეთ ნინოწმინდაში არსებული პრობლემა, რაც არსებობდა, რათა არ განმეორდეს და სრულიად დაცული იყოს ბავშვთა ინტერესები, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საპატრიარქოში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, შეხვედრაზე ისაუბრეს ასევე ყველა იმ გეგმასთან დაკავშირებით, რომელიც შესაძლებელია, განხორციელდეს საქართველოში არსებული დიდ ბავშვთა სახლების მიმართულებით.

„დღეს გარკვეულწილად გვქონდა შემაჯამებელი შეხვედრა, რათა დავსახოთ სამომავლო გეგმები თითოეულ ბავშვთა სახლთან მიმართებაში და ამ შემთხვევაში, საპატრიარქოსთან განვიხილეთ ნინოწმინდაში არსებული პრობლემატიკა, რაც არსებობდა, რათა არ განმეორდეს და სრულიად დაცული იყოს ბავშვთა ინტერესები, ასევე ყველა იმ გეგმასთან დაკავშირებით, რომელიც შესაძლებელია, განხორციელდეს უკვე იმ დიდი ბავშვთა სახლების მიმართულებით, რომელიც საქართველოშია. ყველანი ვიაზრებთ, რომ მნიშვნელოვანია ბავშვების მცირე ზომის ბავშვთა სახლებში გადაყვანა, ამასთან, მათი გადაყვანა საკუთარ ოჯახებში. ამ პროცესს სჭირდება გაცილებით უფრო მეტი ხელშეწყობა, ყველა მხარის ჩართულობა უნდა იყოს საკმაოდ მაღალ დონეზე“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

ამასთან, ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში აღსაზრდელების უსაფრთოხება გარანტირებულად უზრუნველყოფილია.

„დღეს კიდევ ერთხელ ვიმსჯელეთ, რა მოდელით და რა ხერხით არის მნიშვნელოვანი ბავშვების გამოყვანა, თუნდაც ნინოწმინდის ბავშვთა სახლიდან. ყველამ ერთად ხელი უნდა შევუწყოთ სოციალური მუშაკის, ასევე ფსიქოლოგის მუშაობას. ამ ეტაპისთვის გარანტირებულად უზრუნველყოფილი გვაქვს ბავშვთა უსაფრთხოება. ისინი მუშაობენ მათთან და დასკვნის დადების შემდეგ, თუ რა შემთხვევაში ვიცავთ ჩვენ 15 ბავშვის საუკეთესო ინტერესს, რა თქმა უნდა, მივიღებთ შემდგომ გადაწყვეტილებებს, სად მოხდება ბავშვების პოზიციონირება და რა ხერხს მიმართავს როგორც სახელმწიფო, ასევე ყველა ის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ამ პროცესშია ჩართული“, – განაცხადა ტიკარაძემ.

კითხვაზე, რა ინფორმაცია აქვს პანსიონთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით, ტიკარაძემ განაცხადა, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალებზე დღეს ვერ ისაუბრებს.

„გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ფაქტს დღეს ვერ გავასაჯაროებთ, თუმცა თანამშრომლობა მიმდინარეობს და ჩართული ვართ თანამშრომლობის იმ ნაწილში, სადაც საჭიროა გამჭვირვალობა. უნდა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.