ეკატერინე ტიკარაძე - საპატრიარქოს აქვს მკვეთრი პოზიცია, რომ არ ჩაერთვებიან ვაქცინაციის აქტიურ პროპაგანდაში, თუმცა მხარს დაუჭერენ მთავრობის ნებისმიერ გონივრულ გადაწყვეტილებას
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საპატრიარქო მიესალმება ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან ყველა იმ გონივრულ გადაწყვეტილებას, რაც იქნება მიღებული მოქალაქეების ჯანმრთელობის, უსაფრთხოების დასაცავად.
ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ილია მეორეს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებასა და ვაქცინაციის პროცესის თაობაზე.
„ჩვენ დღეს გვქონდა შეხვედრა პატრიარქთან, შეხვედრის მიზანი იყო მისი დეტალურად ინფორმირება, თუ როგორია ქვეყანაში ეპიდვითარება, ასევე როგორ არის დაგეგმილი ვაქცინაციის პროცესი, რას მოიცავს ვაქცინაცია, რა რისკები და დადებითი შედეგები შეიძლება ჰქონდეს მას ჩვენი მოქალაქეებისთვის. მათი მხრიდან აღქმულია ის პრობლემები, რაც გლობალურად აქვს სამყაროს დღეს კოვიდპანდემიასთან მიმართებაში. საპატრიარქო მიესალმება ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან ყველა იმ გონივრულ გადაწყვეტიელბას, რაც იქნება მიღებული ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის, უსაფრთხოების დასაცავად.
ჩვენ ასევე დეტალურად ვისაუბრეთ ნიღბის ტარების პროცესზე, რომ მნიშვნელოვანია, ჩვენს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ ერთობლივად მოვუწოდოთ, თუ რამდენად დადებითი შედეგის მომტანია სოციალური დისტანცია და ნიღბის ტარება. ასევე, აღვნიშნეთ ის ფაქტი, რომ ვაქცინაცია არის ნებაყოფლობითი, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში, როგორც საქართველომ, ისე მსოფლიომ დაძლიოს ის დიდი გამოწვევა, რომლის წინაშეც დღეს ვიმყოფებით“, – განაცხადა ტიკარაძემ.
ამასთან, მინისტრის განმარტებით, საპატრიარქოს მხრიდან დაფიქსირდა მკვეთრი პოზიცია, რომ ისინი არ ჩაერთვებიან ვაქცინაციის აქტიურ პროპაგანდაში, თუმცა მხარს დაუჭერენ მთავრობის ნებისმიერ გონივრულ გადაწყვეტილებას.
„საპატრიარქოს მხრიდან დაფიქსირდა მკვეთრი პოზიცია, რომ ისინი არ ჩაერთვებიან აქტიურ პროპაგანდაში, თუმცა ნებისმიერ გონივრულ გადაწყვეტილებას, რომელსაც საფუძვლად უდევს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის უსაფრთხოება, ისინი მიესალმებიან და მხარს დაუჭერენ მთავრობის, ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებას“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.