ეკატერინე ტიკარაძე - სამგზავრო ავტობუსებში მოწყობილ ვაქცინაციის სივრცეში მოქალაქე მიიღებს უსაფრთხო მომსახურებას, ადგილზევე გაეწევა ყველა სამედიცინო დახმარება
ეკატერინე ტიკარაძე - სამგზავრო ავტობუსებში მოწყობილ ვაქცინაციის სივრცეში მოქალაქე მიიღებს უსაფრთხო მომსახურებას, ადგილზევე გაეწევა ყველა სამედიცინო დახმარება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სამგზავრო ავტობუსებში მოწყობილ ვაქცინაციის სივრცეში მოქალაქე მიიღებს უსაფრთხო მომსახურებას.

მისივე თქმით, საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეს ადგილზევე გაეწევა სამედიცინო დახმარება.

„დღეს დავიწყეთ ახალი პროექტი, რომელიც ავტობუსებში ვაქცინაციის ცენტრების განთავსებას გულისხმობს. ესეც საერთაშორისო პრაქტიკაა. ევროპაში მრავალი დაბრენდილი ავტობუსია, სადაც მოქალაქეები იღებენ მომსახურებას და კუთვნილ ვაქცინას. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ თბილისში პირველ ეტაპზე დაგვეწყო სამი ავტობუსით. ვარკეთილში, გლდანში და სადგურის ტერიტორიაზე განვათავსებთ სამ ავტობუსს. ჯამში დაგეგმილია ათი ავტობუსის განთავსება, ისინი იქნებიან დაბრენდილი ავტობუსები, სადაც მოქალაქე მიიღებს ყველა საჭირო, უსაფრთხო მომსახურებას ვაქცინაციასთან დაკავშირებით, რასაც ის მიიღებდა კლინიკაში თუ პოლიკლინიკის წერტილში. საჭიროების შემთხვევაში, მას ადგილზევე გაეწევა ყველა სამედიცინო დახმარება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.