ეკატერინე ტიკარაძე - სახელმწიფო კლინიკებში დასაქმებული სამედიცინო პერსონალისთვის უზრუნველყოფილი იქნება ღირსეული შრომის ანაზღაურება და ჯანსაღი შრომითი გარემო
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატმა ეკატერინე ტიკარაძემ საკომიტეტო მოსმენაზე სახელმწიფო როლის გაძლიერებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სექტორში სახელმწიფო როლის გაძლიერება ბაზრის კონკურენტუნარიანობას გააუმჯობესებს და ხელს შეუწყობს რეგულირებას როგორც ფასების, ისე სერვისების მოცულობის თვალსაზრისით.
მისივე თქმით, იქმნება მძლავრი სამედიცინო სისტემა, რომელიც შექმნის ხარისხის, ხელმისაწვდომობისა და გამჭვირვალობის სტანდარტებს.
„სახელმწიფო კლინიკებში დასაქმებული სამედიცინო პერსონალისთვის უზრუნველყოფილი იქნება ღირსეული შრომის ანაზღაურება და ჯანსაღი შრომითი გარემო. გარდა ამისა, სახელმწიფო დაწესებულებები გახდება სამედიცინო განათლების მიმწოდებელი მთავარი ბაზა, რომელიც მომავალი ექიმებისთვის ხარისხიან განათლებას ბევრად ხელმისაწვდომს გახდის“ ,- განაცხადა ტიკარაძემ.