ეკატერინე ტიკარაძე - საინფორმაციო და შემეცნებითი კამპანია იქნება მასშტაბური, რაც ხელს შეუწყობს, რომ გაძლიერდეს მოქალაქეების რწმენა ვაქცინაციის საჭიროებაზე
სამშაბათიდან ვიწყებთ აქტიურ საინფორმაციო და შემეცნებით კამპანიას, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
„ეს არ იქნება მხოლოდ ვებგვერდზე გამოდებული ინფორმაცია. საინფორმაციო და შემეცნებითი კამპანია იქნება ბევრად მასშტაბური, რაც ეტაპობრივად ხელს შეუწყობს, გააძლიეროს ჩვენი მოქალაქეების რწმენა იმ საჭიროებაზე, რასაც დღეს ვაქცინაცია წარმოადგენს“, – განაცხადა ტიკარაძემ.
როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, საქართველოში ანტივაქსერების რაოდენობა დიდი არ არის.
„მშობლები თავიანთი შვილებისთვის ძალიან კარგად იცავენ აცრების კალენდარს და დარწმუნებული ვარ, ისინი ასეთივე პასუხისმგებლობით მოეკიდებიან თავიანთი მშობლების, მეზობლებისა და ნათესავების დარწმუნებასაც, რომ მნიშვნელოვანია, აიცრან ქრონიკული დაავადებების მქონე და შესაბამისად, მაღალი რისკის მქონე ადამიანები“, – განაცხადა ტიკარაძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, არის თუ არა გარკვეული სკეპტიციზმი სამედიცინო პერსონალში, ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რა თქმა უნდა, სამედიცინო პერსონალშიც არსებობს გარკვეული პროცენტული რაოდენობა, რომელიც ვაქცინის მიმართ სკეპტიკურად არის განწყობილი, თუმცა უმეტესი ნაწილი მზადაა, აიცრას.
შეკითხვაზე, როდის მოუწევთ აცრა იმ მოქალაქეებს, რომლებიც არც ერთ რისკ-ჯგუფს არ განეკუთვნებიან, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ ესეც კალენდარშია გაწერილი და აგვისტოს ბოლო-სექტემბერი იქნება ის პერიოდი, როდესაც შესაძლებელი იქნება, ყველაზე ნაკლები რისკის მატარებელი მოქალაქეები აიცრას.