ეკატერინე ტიკარაძე - საჩხერის საავადმყოფოში ექიმისთვის კორონავირუსის ადრეულ ეტაპზე დადგენამ თავიდან აგვაცილა ვირუსის გავრცელება მედპერსონალსა და მოსახლეობაში
საჩხერის საავადმყოფოში არ აღინიშნება დეფიციტი პირადი, უსაფრთხოების აღჭურვილობის, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ უპასუხა კითხვას, აქვთ თუ არა ეკიპირება კლინიკებში ექიმებს, მათ შორის საჩხერის საავადმყოფოში და ხომ არ იყო მედიკოსების დაინფიცირების მიზეზი ეკიპირება.
„თქვენ იცით, რომ საჩხერის საავადმყოფო, ისევე როგორც საჩხერის სასტუმრო, პირველივე დღეებიდან ჩართულნი არიან კოვიდინფექციის მართვაში. საწყისად გამოყენებული იყო, როგორც საკარანტინო ზონა და ჩაერთო კოვიდის მართვაში სტაციონარიც.
საჩხერის საავადმყოფოში არ აღინიშნება დეფიციტი პირადი, უსაფრთხოების აღჭურვილობის“,- განაცხადა ტიკარაძემ.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, საჩხერის საავადმყოფომ ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის გაიდლაინის გამოყენება გადაწყვიტა, რის შედეგადაც მოხდა კორონავირუსით ინფიცირებული ექიმის დიაგნოსტიკა.
როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, ამან მედპერსონალსა და მოსახლეობაში კორონავირუსის გავრცელების პრევენცია მოახდინა.
ჯანდაცვის მინისტრმა ამისთვის საჩხერის საავადმყოფოს მედპერსონალს, ასევე მის ხელმძღვანელს მადლობა გადაუხადა.
„ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს როგორც საჩხერის საავადმყოფოს დირექტორის, ასევე მედპერსონალის მაღალკვალიფიციურ და მაღალ შეგნებასთან, რის გამოც მათ სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ცენტრის მხრიდან მიწოდებული გაიდლაინის მყისიერად გამოყენება გადაწყვიტეს. ეს იმ შედეგის მომცემი აღმოჩნდა, რომ პირველ ტალღაზე და ეტაპზე მოვახდინეთ ექიმის ინფიცირების დიაგნოსტირება, რამაც თავიდან აგვაცილა ვირუსის გავრცელება მედპერსონალში და ასევე მოსახლეობაში, რისთვისაც მადლობას ვუხდი, როგორც საჩხერეს საავადმყოფოს მედპერსონალს, ასევე მის ხელმძღვანელს“,- განაცხადა ტიკარაძემ.