ეკატერინე ტიკარაძე - რუხის საავადმყოფო კოვიდინფექციის მართვაში ჩაერთვება, მას 72 პაციენტის მიღება შეუძლია
რუხის სამედიცინო დაწესებულება იფუნქციონირებს როგორც საავადმყოფო, მას აქვს რესურსი 72 პაციენტი მიიღოს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
მინისტრის თქმით, ის დღეს პირადად, ადგილზე გაეცნო კლინიკაში არსებულ მდგომარეობას.
როგორც მან აღნიშნა, კლინიკა ამ ეტაპზე კოვიდინფექციით დაავადებულ პაციენტებს მოემსახურება.
„დღეს მე, პირადად, ადგილზე გავეცანი მდგომარეობას. არსებული რესურსით მოვახდინეთ სტაფის მობილიზება. ამ ეტაპზე მობილიზებულია 35 ექიმი. რუხის საავადმყოფო იფუნქციონირებს როგორც საავადმყოფო. მას აქვს რესურსი 72 პაციენტი მიიღოს, მათგან 14 რთული ან გართულებული პაციენტი.
ჩვენ კიდევ ვაძლიერებთ რუხის საავადმყოფოს შესაძლებლობებს. ეტაპობრივად ამ რიცხვის გაორმაგება მოხდება და შემდეგ ავალთ რუხის საავადმყოფოს სრულ მოცულობაზე, რომელიც არის 220 საწოლზე გათვლილი მულტიპროფილური კლინიკა, რომელიც ამ ეტაპზე, მოემსახურება კოვიდინფექციით დაავადებულ პაციენტებს და ჩაერთვება კოვიდინფექციის მართვაში“, – განაცხადა მინისტრმა.