ეკატერინე ტიკარაძე რეგიონებში სამედიცინო პერსონალს შეხვდება, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ვაქცინაციის საბჭოს სხდომის შემდეგ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ეკატერინე ტიკარაძემ უპასუხა კითხვას, რომ ვაქცინაციასთან დაკავშირებით სამედიცინო პერსონალის მხრიდან დაბალია აქტივობა, განსაკუთრებით კი, რეგიონებში, მათ შორის – საჩხერის კლინიკაში. ტიკარაძემ განაცხადა, რომ კოლეგებთან შეხვედრას ხვალიდან რეგიონებში ინტენსიურად დაიწყებს.
„ეს ინფორმაცია, რა თქმა უნდა, დაავადებათა კონტროლის მხრიდან ჩვენც გვაქვს მიღებული. პირადად მე ვგეგმავ რეგიონებში სამედიცინო პერსონალთან გასაუბრებებს. ხვალიდან დავიწყებ ინტენსიურ გასაუბრებებს კოლეგებთან. ვინაიდან საჩხერის კლინიკა იყო დასახელებული, ის იქნება პირველი, რომელსაც მოვინახულებ და იმერეთის რეგიონი, სადაც განვახორციელებ ჩემს ვიზიტს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.