ეკატერინე ტიკარაძე - რეგიონებში ჩვენი ვიზიტი გარკვეულწილად ემსახურება მოსახლეობის ინფორმირებულობას ვაქცინების უსაფრთხოების შესახებ
ეკატერინე ტიკარაძე - რეგიონებში ჩვენი ვიზიტი გარკვეულწილად ემსახურება მოსახლეობის ინფორმირებულობას ვაქცინების უსაფრთხოების შესახებ

რეგიონებში ჩვენი ვიზიტი გარკვეულწილად ემსახურება მოსახლეობის ინფორმირებულობას ვაქცინების უსაფრთხოების შესახებ, – განუცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს ოზურგეთში, სადაც საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი შენობა გაიხსნა.

მისი თქმით, ქვეყანაში უახლოეს მომავალში შემოვა დამატებით სხვა ვაქცინები, რის შემდეგაც მოსახლეობას ექნება არჩევანის საშუალება.

„გარკვეულწილად ჩემი და ჩემი მოადგილეების რეგიონებში ვიზიტი ემსახურება იმას, რომ მოსახლეობას, ჩვენს მოქალაქეებს მივაწოდოთ ინფორმაცია ყველა ვაქცინის უსაფრთხოების შესახებ. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტივობა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში დამატებით შემოვა სხვა ვაქცინები და ჩვენს მოქალაქეებს ექნებათ უფრო მეტი არჩევანი და ხელმისაწვდომობა თითოეულ ვაქცინაზე“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.