ეკატერინე ტიკარაძე - რეალურად, საქართველოში აგრესიული ტესტირება დაწყებულია
რეალურად, საქართველოში აგრესიული ტესტირება დაწყებულია, რადგან მიგვაჩნია, რომ სწორედ ის მიზნობრივი ტესტირება არის აგრესიული ტესტირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელსაც ვახორციელებთ მარნეულში, ბოლნისსა და თეთრიწყაროში, ასევე ყველა რეგიონში, სადაც დაფიქსირდა დიდი კერა და კლასტერი, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, გამოკვლეული იქნა ყველა მოქალაქე, ვისაც ჰქონდა სიმპტომი და წარმოადგენდა საეჭვო კონტაქტს.
„ეს არის აბსოლუტურად სწორი ტაქტიკა. როცა ჩვენ ჩვენს უცხოურ კოლეგებთან კონსულტაციებს გავდივართ, მათი მიდგომაც სწორედ ისეთია, როგორიც აქვს საქართველოს. აქედან გამომდინარე, ჩვენი სტრატეგია და ტაქტიკა გაგრძელდება ისეთი, როგორიც არის, რადგან ეს არის ერთ-ერთი და ერთადერთი ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც ჩვენი მხრიდან ხორციელდება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
მისი თქმით, ტესტების მარაგების რაოდენობა მუდმივად ცვლადია და ქვეყანაში ტესტები შეფერხების გარეშე შემოდის.
„რაც შეეხება ტესტების რაოდენობას, მინდა, დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები, რომ ეს რიცხვიც არის მუდმივად ცვლადი, რადგან საკმაოდ დიდი ქსელი არის საქართველოში გაშლილი, სადაც კლინიკებში ხდება პაციენტების ტესტირება და მიზნობრივი ტესტირება. აქედან გამომდინარე მარაგების რაოდენობა არის ცვლადი, ყოველ წუთსა და საათში.
ჩვენი მომარაგება მუდმივ რეჟიმში მუშაობს, ეტაპობრივად შემოგვდის ტესტები -10-20-40 ათასი. რიცხვები, რომლებიც დღემდე იყო დაანონსებული, ყველანაირი შეფერხების გარეშე ქვეყანაში შემოდის და აქედან გამომდინარე მიზნები, რაც გააჩნია სახელმწიფოს მოსახლეობის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, აუცილებლად იქნება უსაფრთხოდ დაცული“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.