ეკატერინე ტიკარაძე მსოფლიო ბანკის, ადამიანური რესურსების საკითხებში ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონულ დირექტორს ​შეხვდა
ეკატერინე ტიკარაძე მსოფლიო ბანკის, ადამიანური რესურსების საკითხებში ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონულ დირექტორს ​შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მორიგი შეხვედრა ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის მთავარ ოფისში გამართა.

ჯანდაცვის მინისტრი მსოფლიო ბანკის, ადამიანური რესურსების საკითხებში ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონულ დირექტორს ​ფაიდა საადის შეხვდა. მოლაპარაკებებს ასევე ესწრებოდნენ საქართველოს დელეგაციის სხვა წევრები და მსოფლიო ბანკის მისიის წარმომადგენლებიც.

ჯანდაცვის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა უკვე მიმდინარე და სამომავლო ერთობლივ პროექტებზე.

„ჩვენი მიზანია ჯანდაცვის სერვისებზე მოსახლეობისთვის ჯიბიდან გადახდების შემცირება და თანხების მინიმალიზაცია. ამ მიმართულებით მსოფლიო ბანკის მხარდაჭერა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. შევთანხმდით, გავაგრძელოთ ურთიერთთანამშრომლობა ყველა მიმართულებით, მათ შორის კლინიკების ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მსოფლიო ბანკის მისიის წარმომადგენლები დასაქმებისა და სოციალური სფეროს განვითარების პერსპექტივითაც დაინტერესდნენ. უახლოეს მომავალში საქართველოში მათი ვიზიტი დაიგეგმა.