ეკატერინე ტიკარაძე - მოქალაქეებს გულწრფელად ვუხდი ბოდიშს ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის სისტემაში შეფერხებისთვის, ვიმედოვნებთ, უმოკლეს ვადაში აღმოიფხვრება ხარვეზი, რომელიც მაღალმა მომართვიანობამ გამოიწვია
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის სისტემაში შეფერხება გამოწვეულია მაღალი მომართვიანობით.
ეკატერინე ტიკარაძე მოქალაქეებს ბოდიშს უხდის.
ამასთან, როგორც ტიკარაძემ განაცხადა, იმედოვნებს, რომ ხარვეზი უმოკლეს ვადაში აღმოიფხვრება.
„უნდა დავადასტუროთ, რომ შეფერხებები არის კვლავ რეგისტრაციის სისტემაში. პირველ რიგში, კვლავ მინდა, ჩვენს მოქალაქეებს გულწრფელად მოვუხადო ბოდიში ამ შეფერხებისთვის. როგორც ჩვენთვის სხვადახვა სამსახურიდან მოწოდებული ინფორმაციით ცნობილი იყო, შეფერხებებს სხვა პერიოდში იწვევდა კიბერთავდასხმები. ამ ჯერზე დაფიქსირებული ხარვეზი გამოწვეულია მაღალი მომართვიანობით და ვაქცინაციის პროცესზე ჩვენი მოქალაქის დიდი ინტერესებით. რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია, რომ მსგავსი ფაქტი კვლავ დაფიქსირდა და ვერ მოხდა მისი დროულად აღმოფხვრა. ამ ეტაპისთვის დაავადებათა კონტროლის ცენტრში არის ყველა შესაძლო IT-ის სამსახური, რომელიც მუშაობს მათთან ერთად ამ ხარვეზის გამოსწორებაზე. დიდი იმედი გვაქვს, უმოკლეს ვადაში ხარვეზი აღმოიფხვრება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.
„ფაიზერით“ ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია დღეს, 15:00 საათიდან უნდა დაწყებულიყო, თუმცა ვაქცინაციის საიტზე https://booking.moh.gov.ge კვლავ შეფერხებაა. მოქალაქეები მონაცემების შევსებას და ჯავშნების გაკეთებას ვერ ახერხებენ. ქვეყანამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული „ფაიზერის“ ვაქცინის მილიონი დოზიდან პირველი პარტია, 28 000 დოზა გვიან ღამით მიიღო.