ეკატერინე ტიკარაძე - მომართვიანობა საკმაოდ გაზრდილია, ყოველდღიურად უკვე 1 700-მდე ადამიანს ვცრით, რაც არ არის ცუდი მაჩვენებელი, თუმცა საჭიროა მეტი ჩართულობა
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ჯერჯერობით „სინოფარმის“ ვაქცინას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია არ აქვს და აქედან გამომდინარეობს ის ფაქტი, რომ მოქალაქეები სხვა ვაქცინებს უფრო ირჩევენ. თუმცა, მისივე შეფასებით, აკრედიტაციის მიღების შემდეგ რეიტინგში „სინოფარმის“ პოზიციები მნიშვნელოვნად დაწინაურდება.
„სინოფარმთან“ მიმართებაში ეს არ არის მოულოდნელი შედეგი, ვინაიდან ეს არის ერთ-ერთი საჯარო კვლევა, რომელიც ვებპორტალზე დაიდო, თუმცა ჩვენ არაერთ მსგავს კვლევას ვატარებთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, პროცესი იყოს გამჭვირვალე.სწორედ აქედან გამომდინარე არის შექმნილი ეს პორტალი, რომ საზოგადოებამაც ნახოს, თუ რა არის ის მოთხოვნა, რომელიც არსებობს. „სინოფარმთან“ მიმართებაში ყველამ ვიცით, რომ ის არის მოლოდინის ფურცელზე, ვიდრე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მხრიდან მიიღებს აკრედიტაციას. ასევე, ჩვენ გვაქვს არაერთი კვლევა, ვინაიდან „სინოფარმი“ წარმოადგენს ტრადიციულ მეთოდზე შექმნილ ვაქცინას, მის მიმართ საზოგადოების მოთხოვნა და სანდოობა არის საკმაოდ მაღალი. ის, რომ ის ის დღეს არის ბოლო პოზიციებზე, გამომდინარეობს იქედან, რომ მას ამ ეტაპისთვის არ აქვს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მხრიდან აკრედიტაცია. დარწმუნებული ვართ, აკრედიტაციის მიღების შემდეგ მისი პოზიციები მნიშვნელოვნად დაწინაურდება“, – აღნიშნა ტიკარაძემ.
ტიკარაძის თქმით, მიმდინარეობს მუშაობა ვაქცინების შემდეგი დოზების მიღებასთან დაკავშირებით.
„მუშაობა მიმდინარეობს, რომ დადგინდეს თარიღები, როცა „ფაიზერის“ მხრიდან მოწოდება განხორციელდება, „მოდერნასთან“ მიმართებაში არ გვაქვს კონკრეტული პასუხები მათგან. ჯერ „ასტრაზენეკა“ შემოვა, შემდეგ გვაქვს მოლოდინი, რომ შემოვა „ფაიზერი“.
ჯგუფების გაფართოება ამ ეტაპისთვის არ იგეგმება, ვინაიდან ის ცვლილებები, რაც ვაქცინაციის საბჭომ უკვე მიიღო, არის ისედაც დაჩქარებული, ჩვენ ჩვენს მოქალაქეებს მივეცით უკვე ფართომასშტაბიანად ვაქცინაციის პროცესში ჩართვის საშუალება“, – განმარტა მინისტრმა.
გარდა ამისა, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ვაქცინაციის პროცესში მიმართვიანობა გაზრდილია, თუმცა საჭიროა მეტი აქტიურობა.
„დღიურ მიმართვიანობას ვაქცინაციის იმ კალენდრით, რომელიც შემუშავებულია ჩვენი საერთაშორისო ექსპერტების მიერ და დამტკიცებულია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მხრიდან, ჩვენ ივნის-ივლისისთვის ვგულისხმობთ, რომ უნდა იყოს 3 000 ადამიანამდე. დღესდღეობით მომართვიანობა საკმაოდ გაზრდილია და ჩვენ უკვე 1700 ადამიანამდე ვცრით ყოველდღიურად, რაც არ არის ცუდი მაჩვენებელი, თუმცა საჭიროა დამატებითი მუშაობა, მეტი ჩართულობა. უნდა ჩაერთონ თვითონ უწყებები, რათა ადგილზეც მოხდეს ინფორმაციის გავრცელბა ვაქცინაციის სანდოობასთან მიმართებაში“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.