ეკატერინე ტიკარაძე - მოგმართავთ თხოვნით, „ფაიზერის“ მეორე დოზაზე დარეგისტრირდეთ 24 ივლისის 12:00 საათამდე, სხვა შემთხვევაში, რეგისტრაცია მოხდება ავტომატურად, იმავე კლინიკაში, სადაც მიიღეთ მომსახურება პირველ აცრაზე
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე მიმართავს მოსახლეობას, „ფაიზერის“ ვაქცინის მეორე დოზაზე დარეგისტრირდნენ 24 ივლისის 12:00 საათამდე, სხვა შემთხვევაში, მათი რეგისტრაცია მოხდება ავტომატურად, იმავე კლინიკაში, სადაც გაიკეთეს ვაქცინის პირველი დოზა.
ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, მოქალაქეებს ეძლევათ საშუალება, ჯავშნის ავტომატურად მიღების შემდეგ, მოგვიანებით შეცვალონ თარიღი და კლინიკა.
„დღეს უკვე განახლდება „ფაიზერის“ რეგისტრაცია მეორე დოზებზე. მოქალაქეებს 37 კლინიკაში ექნებათ საშუალება, 26 ივლისიდან 14 აგვისტოს ჩათვლით დაჯავშნონ მათთვის სასურველი თარიღი. იცით, რომ „ფაიზერის“ ვაქცინის დოზებს შორის ინტერვალი შეადგენს სულ მცირე 21 დღეს.
მოგმართავთ თხოვნით, რომ „ფაიზერის“ მეორე დოზაზე რეგისტრაცია მოქალაქეებმა განახორციელონ 24 ივლისის 12:00 საათამდე. სხვა შემთხვევაში, მათი რეგისტრაცია მოხდება ავტომატურად, იმავე კლინიკაში, სადაც მიიღეს მომსახურება პირველ აცრაზე. თუმცა, რა თქმა უნდა, მოქალაქეებს ვაძლევთ მოქნილობას და ამ ჯავშნის მიღების შემდეგ, ექნებათ შესაძლებლობა, მოგვიანებით შეცვალონ თარიღი და კლინიკა“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.