ეკატერინე ტიკარაძე - მნიშვნელოვანია ინფექციური საავადმყოფოს მხარდაჭერა, რადგან ნათლად დავინახეთ, რა როლი უკავია მას საქართველოს ჯანდაცვაში
ეკატერინე ტიკარაძე - მნიშვნელოვანია ინფექციური საავადმყოფოს მხარდაჭერა, რადგან ნათლად დავინახეთ, რა როლი უკავია მას საქართველოს ჯანდაცვაში

ძალიან მნიშვნელოვანია ინფექციური საავადმყოფოს მხარდაჭერა, ვინაიდან ნათლად დავინახეთ, რა როლი უკავია მას საქართველოს ჯანდაცვაში, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, ინფექციური კლინიკის შენობის საკითხთან დაკავშირებით ჯანდაცვის უწყების ჩართულობით  კომუნიკაცია მიმდინარეობს.

„ამ შენობასთან დაკავშირებით, ისევე როგორც ადრე წამოწყებულ მშენებლობაზე, უკვე ორი თვეა, კომუნიკაცია მიმდინარეობს. ჯანდაცვის სამინისტრო არის პირადად ჩართული ამ კომუნიკაციაში. ასევე, ჩვენ როგორც მედიატორი, ისე ვშუამდგომლობთ ინფექციურ საავადმყოფოსა და „ავერსის“ კლინიკასთან. ძალიან მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში ინფექციური საავადმყოფოს მხარდაჭერა, ვინაიდან ნათლად დავინახეთ, რა როლი უკავია მას საქართველოს ჯანდაცვაში“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მიმდინარე წლის 3 მარტს ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან გაკეთებულ განცხადებაში „ავერსის“ დამფუძნებელს მოუწოდა, ერთი წლით მაინც გაუფორმოს იჯარის ხელშეკრულება და მისცენ შენობის გარემონტების უფლება. მისი თქმით, შენობის გარემონტება ცალსახად იმიტომ ვერ მოხერხდა, რომ მთლიანი ტერიტორიის მფლობელი 2009 წლიდან დღემდე არის „ავერსი ფარმა“ და კომპანია ბოლო ორი წელია, კლინიკას უკრძალავს ნებისმიერი სამუშაოს განხორციელებას. ამასთან, ცერცვაძის თქმით, მას გასული წლის 30 დეკემბერს ჰქონდა პრემიერ გიორგი გახარიასთან შეხვედრა, რომელმაც აჩვენა 11-სართულიანი შენობის, სამედიცინო ინოვაციების ცენტრის ესკიზები. ცერცვაძის თქმით, გახარიამ უთხრა, რომ უახლოეს დროში მოაგვარებს ამ შენობის შესყიდვის საქმეს. ცერცვაძე იმედს გამოთქვამს, რომ წლის ბოლომდე მოხერხდება ინფექციური საავადმყოფოს გადასვლა ახალ შენობაში .

ამასთან, „ავერსში“ აცხადებენ, რომ მზად არიან ხელშეკრულების გასაგრძელებლად იმ შემთხვევაში, თუ წლის ბოლოსთვის ინფექციური საავადმყოფოს დაცლისა და მისი სხვა ტერიტორიაზე გადასვლის გარანტიებს მიიღებენ.