„ავერსის“ გენერალური დირექტორი - მზად ვართ, ინფექციურ საავადმყოფოსთან იჯარის ხელშეკრულება გავაგრძელოთ, თუ ვადის ამოწურვის შემდეგ ტერიტორიის დაცლის გარანტიას მივიღებთ
„ავერსის“ გენერალური დირექტორი - მზად ვართ, ინფექციურ საავადმყოფოსთან იჯარის ხელშეკრულება გავაგრძელოთ, თუ ვადის ამოწურვის შემდეგ ტერიტორიის დაცლის გარანტიას მივიღებთ

„ავერსი“ მზად არის, ინფექციურ საავადმყოფოსთან ახალი საიჯარო ხელშეკრულება გააფორმოს, თუმცა მხოლოდ იმ პირობით, თუ კომპანია მიიღებს გარანტიას, რომ ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ კლინიკა დატოვებს აღნიშნულ ტერიტორიას.

ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს „ავერსის“ გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი ფურცელაძემ განუცხადა.

მისი თქმით, მათთვის ხელშეკრულების გაგრძელებისა და კონტრაქტის პირობების შესახებ ოფიციალურად არავის მიუმართავს. ფურცელაძის განმარტებით, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, კომპანია ითვალისწინებს, რომ ეს არის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხი, მზადაა, გამოიჩინოს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და ინფექციურ საავადმყოფოს გაუგრძელოს ხელშეკრულება იმ პირობით, თუ მიიღებენ შენობის დაცლის გარანტიებს კონტრაქტის ამოწურვის პერიოდისთვის.

ფურცელაძის განმარტებით, სწორედ ამ გარანტიებზე იქნება დამოკიდებული ასევე ინფექციური კლინიკისთვის შენობის გარემონტების უფლების მიცემა. „ავერსის“ ხელმძღვანელის განმარტებით, რემონტის უფლება ინფექციურ კლინიკას მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება, თუ ისინი ფართში კანონიერ საფუძველზე იქნებიან, დღეს კი, მისი თქმით, საავადმყოფოს პერსონალი იქ უკანონოდ იმყოფება.

„ყოველ წელიწადს, ინფექციურ საავადმყოფოსთან ხელშეკრულება იდებოდა ერთი წლით და იჯარის ფართს ფარავდა სახელმწიფო ბიუჯეტი. იურიდიულად, ხელშეკრულების დასრულება ითვალისწინებს, რომ კლინიკის თანამშრომლებმა უნდა დაცალონ ტერიტორია, თუმცა ეს არ ხდებოდა. 2018 წლის ხელშეკრულების ამოწურვის პერიოდისთვისაც, ჩვენ გვქონდა მიღებული პირობა, რომ ტერიტორია დაიცლებოდა, თუმცა ეს არ მოხდა. შესაბამისად, 2019 წელს ხელშეკრულება აღარ დაიდო, რადგან ვერ მივიღეთ მსგავსი გარანტია“, – განაცხადა ფურცელაძემ.

მისი თქმით, პროცესში ჯანდაცვის სამინისტრო მედიაციის როლს ასრულებს, თუმცა პრობლემას ქმნის ის, რომ ინფექციური საავადმყოფო ალტერნატიული ფართით ვერ დაკმაყოფილდა.

ფურცელაძე ამბობს, რომ შენობაში, სადაც, ბოლო ინფორმაციით, ინფექციური საავადმყოფოს გადასვლა იგეგმება, შესაბამისი პირობების მოწყობა რამდენიმე თვეში არის შესაძლებელი და თუკი მიიღებენ გარანტიას, რომ ამ პერიოდში კლინიკა ნამდვილად გადავა აღნიშნულ შენობაში, მზად არიან, ინფექციურ საავადმყოფოს ხელშეკრულება 2020 წლის ბოლომდე გაუფორმონ. ამავე დროს, „ავერსის“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ წინა წლებში ინფექციური კლინიკის გადასვლის ვადები არაერთხელ შეიცვალა, კომპანიას კი,  საკუთარი გეგმები აქვს, ამიტომ ზუსტად უნდა იცოდეს, სად და რამდენ ხანში გადავა კლინიკა სხვა შენობაში.

3 მარტს, ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან გაკეთებულ განცხადებაში „ავერსის“ დამფუძნებელს მოუწოდა, ერთი წლით მაინც გაუფორმოს იჯარის ხელშეკრულება და მისცენ შენობის გარემონტების უფლება.

„შენობის გარემონტება ცალსახად იმიტომ ვერ მოხერხდა, რომ მთლიანი ამ ტერიტორიის მფლობელი 2009 წლიდან დღემდე არის „ავერსი ფარმა“ და ეს არის მისი კერძო საკუთრება. 2018 წლის დასაწყისამდე ძალიან უხალისოდ, თუმცა მაინც გვაძლევდა კოსმეტიკური რემონტის ნებას, მაგრამ არა კაპიტალური რემონტის. ბოლო ორი წელიწადია, ჩვენი დაჟინებული, მუხლმოდრეკილი თხოვნის მიუხედავად, კატეგორიულად გვიკრძალავს ნებისმიერი სამუშაოს გაკეთებას, გადაუდებელისაც კი,“ – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ და აღნიშნა, რომ 30 დეკემბერს შეხვედრა ჰქონდა პრემიერ გიორგი გახარიასთან, რომელმაც აჩვენა 11-სართულიანი შენობის, სამედიცინო ინოვაციების ცენტრის ესკიზები. ცერცვაძის თქმით, პრემიერმა  უთხრა, რომ უახლოეს დროში მოაგვარებს შენობის შესყიდვის საქმეს. ინფექციური კლინიკის დირექტორი იმედს გამოთქვამს, რომ წლის ბოლომდე მოხერხდება ინფექციური საავადმყოფოს ახალ შენობაში გადასვლა.