თენგიზ ცერცვაძე - მოვუწოდებ „ავერსის“ დამფუძნებელს, ერთი წლით მაინც გაგვიფორმოს იჯარის ხელშეკრულება, მოგვცეს ნება, რემონტი გავაკეთოთ
თენგიზ ცერცვაძე - მოვუწოდებ „ავერსის“ დამფუძნებელს, ერთი წლით მაინც გაგვიფორმოს იჯარის ხელშეკრულება, მოგვცეს ნება, რემონტი გავაკეთოთ

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კლინიკის შენობის გარემონტება ვერ მოხერხდა, ვინაიდან ტერიტორია 2009 წლიდან დღემდე „ავერსი ფარმას“ კერძო საკუთრებაშია.

ცერცვაძის თქმით, 2018 წლის დასაწყისამდე „ავერსი ფარმა“ კოსმეტიკური რემონტის უფლებას აძლევდათ, თუმცა ბოლო ორი წელია, თხოვნის მიუხედავად, ნებისმიერი სამუშაოს განხორციელებას კატეგორიულად უკრძალავთ.

„შენობის გარემონტება ცალსახად იმიტომ ვერ მოხერხდა, რომ მთლიანი ამ ტერიტორიის მფლობელი 2009 წლიდან დღემდე არის „ავერსი ფარმა“ და ეს არის მისი კერძო საკუთრება. 2018 წლის დასაწყისამდე ძალიან უხალისოდ, თუმცა მაინც გვაძლევდა კოსმეტიკური რემონტის ნებას, მაგრამ არა კაპიტალური რემონტის. ბოლო ორი წელიწადია, ჩვენი დაჟინებული, მუხლმოდრეკილი თხოვნის მიუხედავად, კატეგორიულად გვიკრძალავს ნებისმიერი სამუშაოს გაკეთებას, გადაუდებელისაც კი. კადრებს, რომლებიც რამდენიმე დღის წინ შენობასთან დაკავშირებით გავრცელდა, ჩვენ არ უარვყოფთ, პირიქით – მსგავს კადრებს ჩვენ თვითონ ვიღებდით ხოლმე და ვუგზავნიდით „ავერსს“, სამინისტროს და ა.შ. მართალია არაეთიკურად, არაზნეობრივად და არასახელმწიფოებრივად იქცევა „ავერსი“, მაგრამ ეს მისი კერძო საკუთრებაა“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ გადასცა მათ სახელმწიფომ შენობა, ცერცვაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობამ ეს უბრალოდ არ გააკეთა.

მისივე განმარტებით, დღევანდელი ხელისუფლების პირობებში შედგა პროექტები, გამოყოფილი იყო ტერიტორია, თუმცა საბოლოოდ, შენობა ვერ მიიღეს.

ცერცვაძე ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასგან მიიღეს პირობა, რომ შენობის შესყიდვის საქმე მალე მოგვარდება.

„რაც შეეხება იმას, შენობა რატომ არ მოგვცა სახელმწიფომ, წინა მთავრობამ, „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობამ ეს უბრალოდ არ გააკეთა, გაყიდა და მორჩა. დღევანდელი ხელისუფლების ყველა მეთაურისგან იყო გადაწყვეტილება, რომ უნდა გაეკეთებინათ, შედგენილი იყო პროექტები, გამოყოფილი გახლდათ ტერიტორია, სახელდებოდა თარიღები, მაგრამ ეს არ გაკეთდა. ძალიან ვაპროტესტებდი ამ ფაქტს და თვითონ თქვა გუშინ ბატონმა სერგეენკომ, რომ ეს მთლიანად იყო მისი ბრალი, რომ გრძნობს ახლა, ძალიან გვიან არის, მაგრამ მაინც გრძნობს ამ მძიმე ტვირთს და მან პირდაპირ თქვა, რომ შესაძლოა ეს ყველაზე დიდი ტვირთიც კი იყოს, რომელიც მე ჩემი მინისტრობის დროს ავიღეო. ახალმა მინისტრმა ჯერჯერობით ვერ მოასწრო რამის გაკეთება. ჩვენ აქტიურად გამოვთქვამდით პროტესტს, საქმეში ჩაერია პრემიერ-მინისტრი, ბატონი გახარია, რომელმაც 30 დეკემბერს დამიძახა, შემხვდა და გამომკითხა ყველაფერი. ძალიან შეწუხდა არსებული სიტუაციით, თითქოს გული უგრძნობდა, რომ შეიძლებოდა შექმნილიყო ასეთი სიტუაცია. ბატონმა გახარიამ მაჩვენა ესკიზები, მასალები, ბუკლეტები ერთ-ერთი შენობის, სამედიცინო ინოვაციების ცენტრი, რომელიც 11-სართულიანი შენობაა, საუკეთესოდ ნაგები, რაც კი სამედიცინო პროფილის შენობა არსებობს ქვეყანაში. ეს შენობა ააშენა თავისთვის ერთ-ერთმა კომპანიამ, მაგრამ შემდეგ, გარკვეული მიზეზების გამო, გადაწყვიტა ამ კლინიკის გაყიდვა. პრემიერმა მოიძია ეს ტერიტორია, ჩვენ წავედით, ვნახე და მოვიწონეთ კიდეც. გახარიამ გვითხრა, რომ უახლოეს დროში მოაგვარებდა ამ შენობის შესყიდვის საქმეს. ეს არ იყო მარტივი, რადგან ეს შენობა ჯერ არ არის ჩაბარებული, სანახევროდაა დამთავრებული“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ცერცვაძემ იმედი გამოთქვა, რომ ახალ შენობაში გადასვლა მიმდინარე წლის ბოლომდე მოხერხდება.

მანამდე კი, თენგიზ ცერცვაძე კვლავ მოუწოდებს „ავერსის“ დამფუძნებელს, რემონტის გასაკეთებლად ერთი წლით მაინც გაუფორმოთ იჯარის ხელშეკრულება.

„რამდენიმე თვე დასჭირდება მის დამთავრებას და იმედს გამოვთქვამთ, რომ ამ წლის ბოლომდე მოხერხდება ჩვენი გადაყვანა ახალ შენობაში. ხოლო მანამდე, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ბატონ კურტანიძეს და სამინისტროც ჩართულია ამაში, რომ ერთი წლით მაინც გაგვიფორმოს იჯარის ხელშეკრულება, მოგვცეს ნება, რემონტი გავაკეთოთ, რადგან როგორც იცით, „ავერსი“ რემონტის არგაკეთების მიზეზად იჯარის არარსებობას ასახელებს, მაგრამ თვითონ არ გვიფორმებს და ჩვენ როგორ გავაფორმოთ“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.