ეკატერინე ტიკარაძე - მნიშვნელოვანია ჟანგბადის რაციონალური საჭიროების მიხედვით მოხმარება
ეკატერინე ტიკარაძე - მნიშვნელოვანია ჟანგბადის რაციონალური საჭიროების მიხედვით მოხმარება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია ჟანგბადის რაციონალური საჭიროების მიხედვით მოხმარება.

მისივე თქმით, საავადმყოფოებში განთავსებული პაციენტთა რაოდენობა ჟანგბადის რაციონალურად მოხმარების საშუალებას იძლევა.

„ყველამ იცის, რომ სახელმწიფო აქტიურად არის ჩართული ჟანგბადის მოწოდების პროცესში, არა მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტრო, არამედ ეკონომიკის სამინისტრო აქტიურად არის ჩართული ყველა იმ საკითხის მომარაგებასა და ტექნიკურ უზრუნველყოფაში, რომლის საჭიროებაც იკვეთება. ძალიან აქტიურად არიან ჩართული ჩვენი ელჩები. ზოგადად საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩართულობა პანდემიის კომპონენტში ნამდვილად უპრეცედენტოა და ჩვენი ყველა ელჩი, როგორც მეზობელ, ასევე ცოტა შორეულ ქვეყნებშიც აქტიურად არიან ჩართული არა მხოლოდ ჟანგბადის, არამედ როგორც ვაქცინის, ტესტსისტემების და სხვადასხვა საჭირო საშუალების მოძიებაში, შემდეგ უკვე საკონტრაქტო პირობებსა და მოლაპარაკებებში, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო.

ჟანგბადის შემთხვევაშიც ეს ჩართულობა ორივე სამინისტროს მხრიდან არის ძალიან აქტიური და ისინი ცდილობენ მაქსიმალურს, თუმცა მნიშვნელოვანია, ჩვენი მხრიდანაც იყოს რაციონალური მოხმარება საჭიროების მიხედვით, ვინაიდან არა მხოლოდ კოვიდის კომპონენტში, არამედ სხვა სომატური პაციენტებისთვისაც და საავადმყოფოებისთვისაც მნიშვნელოვანია ჟანგბადის გარკვეული მოცულობების გადანაწილება. დღეს არსებული პაციენტების რიცხვით, რომლებიც საავადმყოფოებში არიან, ჩვენ ნამდვილად გვაქვს იმის საშუალება, რომ ჟანგბადის რაციონალური მოხმარება იყოს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.