ეკატერინე ტიკარაძე - მნიშვნელოვანია, არ მოვახდინოთ გერმანიაში დასაქმების საკითხის პოლიტიზება, მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა, რათა ჩვენი მოქალაქეების უფლებები იყოს დაცული
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა, რათა გერმანიაში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეების უფლებები იყოს სრულად დაცული.
როგორც მინისტრმა გერმანიაში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეების სამუშაო და საცხოვრებელი პირობების შესახებ დასმულ კითხვაზე ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ ლეგალურად დასაქმება მნიშვნელოვანია მათი უფლებების დაცვისთვის, ამიტომ მნიშვნელოვანია, არ მოხდეს საკითხის პოლიტიზება.
„გერმანიასთან მიმართებით მნიშვნელოვანია, რომ არ მოვახდინოთ საკითხის პოლიტიზება, ვინაიდან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, რომელიც დაიწყო საქართველოს მხრიდან. ჩვენ გვყავს არაერთი პარტნიორი როგორც გერმანიის სახით, ასევე ისრაელი, საფრანგეთი და კიდევ არის მზაობა სხვა ქვეყნებისგანაც, რათა მოხდეს ჩვენი მოქალაქეების დასაქმების ლეგალიზება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი მოქალაქეების დაცულობისთვის. მას შემდეგ, რაც ჩვენი მოქალაქეების მხრიდან დაფიქსირდა გარკვეული უკმაყოფილება გერმანიის დამსაქმებლის მიმართ, მყისიერად მოხდა რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან, კერძოდ კი დასაქმების სააგენტოდან, რომელიც დაუკავშირდა როგორც გერმანიის შრომითი უსაფრთხოების სააგენტოს, ასევე გერმანიის დასაქმების სააგენტოს. მათი მხრიდან მოხდა შესაბამისი რეაგირებები, რის შედეგად დამსაქმებელსაც თავის მხრივ დაევალა გაუმჯობესებული პირობები. ასევე, მოხდა დასაქმებულების გადაყვანა სხვა დამსაქმებელთან. ასევე, მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა, რათა ჩვენი მოქალაქეების უფლებები იყოს სრულად დაცული“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.