ეკატერინე ტიკარაძე - კორონავირუსის შემთხვევების განსაკუთრებული ზრდა არის ქვემო ქართლში, კახეთსა და სამცხე-ჯავახეთში, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რომ იყო ვაქცინაციის დაბალი აქტივობა
კორონავირუსის შემთხვევების განსაკუთრებული ზრდა არის ქვემო ქართლში, კახეთსა და სამცხე-ჯავახეთში, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რომ სწორედ ამ რეგიონებში იყო ვაქცინაციის დაბალი აქტივობა, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო სრულად აკონტროლებს ეპიდვითარებას და მართავს საწოლფონდს.
„ამ დროისთვის კოვიდპაციენტებისთვის ადგილები არის, ვინაიდან რამდენიმე რეგიონი, სადაც გვაქვს კორონავირუსის შემთხვევების განსაკუთრებული ზრდა, ეს არის ქვემო ქართლი, კახეთი და სამცხე-ჯავახეთი, დანარჩენ რეგიონებში ზრდა არ შეინიშნება. თუმცა ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რომ სწორედ ამ რეგიონებში იყო ვაქცინაციის დაბალი აქტივობა, მაღალი იყო აქტივობა რთველიდან და იმ საველე სამუშაოებიდან გამომდინარე, რომელიც ჩაატარა მოსახლეობამ.
ჩვენ სრულად ვაკონტროლებთ ეპიდსიტუაციას, ასევე ვმართავთ საწოლფონდსაც. პაციენტების უსაფრთხოებას არანაირი წინაღობა არ აქვს. ვთვლი, რომ ეს ტალღა, რომელიც რეალურად არის მეოთხე ტალღის გაგრძელება და არანაირად არ გახლავთ მეხუთე ტალღა, იმ შესაფერის პირობებში დაიძლევა, რომელსაც ჩვენ დღესდღეობით ვატარებთ“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ამასთან, ტიკარაძის განცხადებით, ვინაიდან ინფექციის გავრცელების კოეფიციენტმა ერთი კვირის განმავლობაში დაიწია, არსებობს მოლოდინი, რომ კიდევ დაიწევს, რაც მისი თქმით, არ არის საფუძველი, რომ დამატებითი შეზღუდვები დაწესდეს.
„დღევანდელი ინფორმაციით, ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი გახლავთ 1,32%, ერთი კვირის წინ ეს მაჩვენებელი იყო 1,72%. ვინაიდან ჩვენ ვაკვირდებით, რომ კოეფიციენტმა დაიწია, ჩნდება მოლოდინი, რომ აბსოლუტურ რიცხვში შემდეგი კვირის ბოლოს გვექნება დაბალი მაჩვენებლები. აქედან გამომდინარე, ვერ ვხედავთ იმის საფუძველს, რომ დაწესდეს დამატებითი შეზღუდვები“, – აღნიშნა ტიკარაძემ.