ეკატერინე ტიკარაძე - მიზანი არ არის, საბჭოს მივმართოთ ჩაკეტვებისთვის, თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მოქალაქეებმა დაიცვან წესები, რაც აგვაცილებს ლოკდაუნს
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მოქალაქეებმა მკაცრად უნდა დაიცვან არსებული რეკომენდაციები და ყველა ის წესი, რაც ქვეყანას ააცილებს შემდეგ ლოკდაუნს.
„დღეის მდგომარეობით, მოქალაქეების მიმართ ჩვენი პირველი ნაბიჯი, პირველი თხოვნა, მოწოდება არის, რომ მათ მკაცრად დაიცვან ყველა ის რეგულაცია, რომელიც მოწოდებულია ჯანდაცვის სამინისტროდან, დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და შრომითი უსაფრთხოებიდდან, ვინაიდან ვაკვირდებით, როგორ არის დაწეული პირბადის გამოყენების პროცენტი, ასევე, ჩვენი მოქალაქეები საერთოდ აღარ იცავენ სოციალურ დისტანცირებაა, ძლიან დიდი აქტივობაა რესტორნებში, სადაც არ არის დაცული ის რეგულაციები, რომლებიც მნიშვნელოვანია ვირუსის შესაკავებლად. ჯანდაცვის სამინისტროსა და ეპიდემიოლოგების მიზანი ნამდვილად არ არის ის, რომ მუდმივად გავამკაცროთ რეგულაციები და საბჭოს მივმართოთ ჩაკეტვებისთვის, თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა გამოიჩინონ გულისხმიერება, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და დაიცვან ყველა ის წესი, რომელიც ქვეყანას ააცილებს შემდეგ ლოკდაუნს. ჩვენ ეპიდემიოლოგებთან და ადგილობრივ თვითმმართველობებთან ერთად უკვე გვაქვს დაწყებული წერტილოვანი, აქტიური ეპიდემიოლოგიური კამპანია, ინტენსიურად ვიკვლევთ როგორც კლასტერულ ჯგუფებს, ასევე იმ ეპიდმდგომარეობას, რომელიც კონკრეტულად იმ რეგიონშია და შესაბამისად ვამკაცრებთ იქ ღონისძიებებს“, – განაცხადა ტიკარაძემ.